21 იანვარი 2020,   23:36
ვრცლად
მთავრობის 29 წევრს ბიზნესთან კავშირი აქვს - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" კანონდარღვევაზე საუბრობს

საერთაშორიოს გამჭირვალობა საქართველომ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. ამჯერად, კვლევის ობიექტი მინისტრები, მოადგილეები და მათი დეკლარაციებია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", რომელმაც ამჯერად მთავრობის ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა, წერს, რომ ქვეყნის მთავრობის 29 წევრს ბიზნესთან კავშირი აქვს. მათგან 22 კი კანონის მოთხოვნებს არღვევს. ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2019 წლის დეკემბრის მონაცემებს ეყრდნობა, დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმა არადეკლარირებული ბიზნესსაქმიანობაა. საჯარო რეესტრში იძებნება კომპანიები, რომლებშიც მთავრობის წევრები წილს ფლობენ.

მთავრობის იმ 22 წევრს შორის, რომლებიც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევის მიხედვით, კანონის მოთხოვნებს არღვევენ, მინისტრები და მათი მოადგილეები მოხვდნენ. დღეს მათი ნაწილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობს და ინფორმაციის დამალვის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის მკვლევარები წერენ, რომ სამეწარმეო საქმიანობის არასრულად გასაჯაროვების გარდა, არის შემთხვევები, როცა მინისტრების მოადგილეები დღემდე რჩებიან კერძო კომპანიების წილის მმართველებად. ამავე დასკვნის მიხედვით, არის შემთხვევები, როცა ეს კომპანიები მათივე უწყებების კონტროლის სფეროში საქმიანობენ.

დაუდევრობა ან კორუფცია, ასეთია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" შეფასება. ორგანიზაციამ ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს გადაუგზავნა. მკვლევარები ამბობენ, რომ კითხვებს პასუხი ახლა სახელმწიფო უწყებებმა უნდა გასცენ. 

საჯარო სამსახურის ბიუროში დღეს კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციას გადაუგზავნეს. კანონის თანახმად, მთავრობის წევრს უფლება აქვს ფლობდეს წილს რომელიმე კომპანიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მართვის უფლებას დროებით სხვას გადასცემს. თანამდებობის პირს ეკრძალება კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციის დაკავება, ასევე მათ ოჯახის წევრებსაც, თუ კერძო კომპანია უწყების კონტროლის ქვეშაა.

დღის ამბები