19 იანვარი 2020,   19:47
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმი - ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი ხვალ იხსნება 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი ხვალ ოფიციალურად იხსნება. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ხვალ ჟენევაში ისაუბრებენ ქართველი ექიმის გათავისუფლებაა. 

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მოლაპარაკებების მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი იქნება.

დოლიძის თქმით, წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ქართველი ექიმი რამდენჯერმე მოინახულეს და განაცხადეს, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

"ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისი, ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისი, წითელი ჯვარი, პრეზიდენტიდან დაწყებული, ყველა წარმომადგენელი, მათ შორის ის ხალხი, რომლებიც ახერხებენ და შედიან ციხეში და მის მდგომარეობას და საერთოდ, ჰუმანიტარულ ვითარებას ეცნობიან, ბუნებრივია ყოველდღიურად ხაზზე გვყავს და მათთან ერთად ვარკვევთ, რა ხდება ადგილზე, როგორ არის ბატონი ვაჟა, მისი ფიზიკური მდგომარეობა, არის თუ არა ზეწოლა და ა.შ.

ის ჯანმრთელად არის, არ ემუქრება არავითარი ფიზიკური პრობლემა, რაც ყველაზე მთავარია ჩვენთვის და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობასთან აქტიური, ყოველდღიური კავშირით, შევძლებთ, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს,“ - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.  

მოლაპარაკებების პარალელურად, გაეროს ჟენევის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართება, რომლითაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის გათავისუფლებას მოითხოვენ.

საქართველო, რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხვალ საერთაშორისო თანამეგობრობის თანამონაწილეობით  ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას ეხება. ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მიმდებარე ზონებში ყველაზე რთული მდგომარეობა ადამიანის უფლებათა მიმართულებითა არის.

 

 

დღის ამბები