19 იანვარი 2020,   20:53
ვრცლად
38 გარდაცვლილი და 119 დაშავებული - ფატალური შემთხვევების სტატისტიკის სათავეში წელსაც სამშენებლო სექტორია

მშენებლობა, შახტები, მაღაროები, საგზაო სამუშაოები - ეს იმ სექტორების ჩამონათვალია, სადაც სამსახურში წასული ადამიანები ყველაზე ხშირად იღუპებიან. წელსაც ფატალური შემთხვევების სტატისტიკის სათავეში სამშენებლო სექტორია.

პირველი იანვრიდან დღემდე საწარმოო ობიექტებზე გარდაცვლილი 38 ადამიანიდან 19 მშენებლობაზეა დაღუპული. აქედან 8 შემთხვევა სექტემბრის შემდეგ მოხდა, იმის მიუხედავად, რომ სწორედ სექტემბრიდან შრომის ინსპექტორების უფლებამოსილება გაიზარდა.

პროფკავშირების და თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები საკმარისი არ არის და საგანგაშო სტატისტიკის შემცირება მხოლოდ ეფექტური აღსრულებით არის შესაძლებელი. აქცენტი ფინანსური სანქციების გარდა ნორმების დამრღვევთა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაზეც კეთდება.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ წელს 28 ადამიანია გარდაცვლილი, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შრომის უსაფრთხოების კანონში ახალი ნორმების ამოქმედების შემდეგ პროგრესი შეიმჩნევა.

უწყების ინფორმაციით, ბოლო სამ თვეში სამუშაოები შეჩერდა 68 სამშენებლო ობიექტზე, სადაც უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია "კურიერთან" არ უარყოფს, რომ ინსპექტორების რაოდენობა დღეისათვის არასაკმარისია, თუმცა, მისივე თქმით, მათი შემადგენლობა გაფართოვდება.

პასუხისმგებლობის დაკისრება თუ პასუხისმგებლობის გადანაწილება - კომპანიები, რომლებსაც უბედური შემთხვევების დროს იურიდიული, მორალური და ფინანსური წნეხი ადგებათ, ცდილობენ პრობლემა სხვა კუთხით წამოწიონ. როგორც მშენებელთა ასოციაციაში ამბობენ, უსაფრთხოებისთვის საქმე და ხარჯები სამუშაოს შემსრულებელსა და დამკვეთზე თანაბრად უნდა განაწილდეს. აქ იგულისხმება როგორც სახელმწიფო ტენდერები, ასევე დეველოპერების დაკვეთა.

დაღუპულების და დაშავებულების სტატისტიკით, მიმდინარე წელზე მძიმე წინა, 2018 წელი იყო. ოფიციალური მონაცემებით, შარშან სამუშაოს შესრულებისას 59 ადამიანი დაიღუპა და 199 დაშავდა. 38 გარდაცვლილი და 119 დაშავებული - ეს უკვე მიმდინარე წლის სტატისტიკაა.

 

დღის ამბები