29 იანვარი 2020,   20:51
ვრცლად
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს

სლოვაკეთში, ქალაქ ბრატისლავაში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ასოცირებული ქვეყნების საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

ეს პირველი ერთობლივი პოლიტიკური განცხადებაა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე, რომელსაც სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ ხელს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოსთვის აქტუალურ პრიორიტეტებზე ისაუბრა. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მძლავრი სიგნალების მიღება ევროკავშირის მხრიდან.

"რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნე ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა საქართველოსთვის, რომ აუცილებელია ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევისკენ, რაც არის წევრობა, ევროკავშირის მხრიდან ძალიან მძლავრი სიგნალების მიღება, რომ ეს არის ორმხრივი პროცესი და რომ აუცილებელი არის, რომ ის ამბიციური გეგმა, რომელიც საქართველოს აქვს, იგივე ევროკავშირის გზამკვლევის მიმართულებით და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების კუთხით, კიდევ უფრო იყოს წახალისებული და მხარდაჭერილი ევროკავშირის მხრიდან," - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

აღნიშნული განცხადება მინისტრებმა ევროკავშირის ახალ უმაღლეს წარმომადგენელს – ჟოზეფ ბორელს გადასცეს. განცხადება ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლისთავსა და მის მომავალს ეძღვნება და ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციურ დღის წესრიგს ასახავს. მასში ხაზგასმულია, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობა" წევრ ქვეყნებში პოზიტიური ცვლილებების საშუალებაა, რომელიც პარტნიორებს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს თითოეული მათგანის მისწრაფებების და ინტერესების შესაბამისად.

აღსანიშნავია, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ინიციატივა, დაფუძნდეს "ევროკავშირი + სამი ასოცირებული ქვეყნის" დიალოგის ფორმატი ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა დარგობრივი ინტეგრაციის მიმართულებებით.

გარდა ამისა, სამი ქვეყანა გამოდის ინიციატივით, რომ ასოცირებულ ტრიოს მიეცეთ შესაძლებლობა თანდათანობით, ევროკავშირის ოთხი თავისუფლებით (საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილება) სრულად ისარგებლონ.

ასოცირებული ქვეყნების განცხადებით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ჩამოყალიბებიდან 10 წლის თავზე, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ფორმატის შემდგომი, გრძელვადიანი სტრატეგია და ის პოლიტიკური მიზნები, რომელიც პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან უფრო და უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გზას გაუხსნის.

დღის ამბები