21 იანვარი 2020,   08:57
ვრცლად
"დადგენილება უკვე ამოქმედდა და კლინიკები ჩაგვაგდო შოკურ მდგომარეობაში"- ექიმები პრემიერს ხვდებიან

გიორგი გახარია სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციაში ხვდება. ისინი მთავრობის 520-ე დადგენილებაზე საუბრობენ, რომლითაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა. 

სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ფასებს არ ეთანხმება საკითხის გადავადებას და მათ გადახედვას ითხოვს.

”ჯო ენის” ცენტრის დირექტორი ვახტანგ ლაშხი აღნიშნავს, რომ პროცედურები სპეციალისტებთან ერთად არის გასავლელი.

"დროებით უნდა შევაჩეროთ დადგენილება და თავიდან, სპეციალისტებთან ერთად გადავთვალოთ ყველაფერი, " განაცხადა ვახტანგ ლაშხმა.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სამშობიარო კლინიკა ”პინეო ლაქშერის” სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე ფიქრობს, რომ ექიმები პაციენტის გადასარჩენად გადაუდებელი ჩარევის დროს, შესაბამის ზომებს მიიღებენ.

"ექიმები ვართ და თუ არის პაციენტი გადასარჩენი ამას ჩვენი ხარჯის საფუძველზე ვაკეთებთ, გეგმიური ოპერაციები კი გავაჩერეთ," განაცხადა ზაზა სინაურიძემ.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკა ”ჰელსის” დირექტორი შალვა რცხილაძე აღნიშნავს, რომ ეს იყო გაუაზრებლად მიღებული გადაწყვეტილება.

"ეს იყო აბსოლუტურად გაუაზრებელი, კლინიკებთან და საზოგადოებასთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილება, რომელიც მინიმალურ სტანდარტების შესაბამის პროცედურების ჩატარებასაც არ იძლევა,"- განაცხადა შალვა რცხილაძემ.

კარდიოლოგიური კლინიკა ”გულის” დირექტორი ანზორ მელია ამბობს, რომ დადგენილება უკვე ამოქმედდა და არსებული ფასებით კლინიკის არსებობა შეუძლებელია.

"დადგენილება უკვე ამოქმედდა და კლინიკები ჩაგვაგდო შოკურ მდგომარეობაში ამ ფასებით შეუძლებელია კლინიკამ იარსებოს," - განაცხადა ანზორ მელიამ.

დღის ამბები