14 დეკემბერი 2019,   09:42
ვრცლად
ეს არის დროის მოგების და გაწელვის ტაქტიკა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ - ოპოზიცია ზოიძის ინიციატივაზე 

შექმნილი სიტუაციიდან რეფერენდუმს გამოსავლად ვერ ხედავს "ევროპული საქართველოს“ წევრი, დავით ბაქრაძე. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მისი მომზადებისა და ჩატარების სამუშაოები ხანგრძლივ პროცესებთან არის დაკავშირებული. დავით ბაქრაძის მოსაზრებით, შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ე.წ. გერმანული მოდელია.

"ამ ყველაფრის შემდეგ, კანონპროექტი ისევ უნდა დაბრუნდეს პარლამენტში და ისევ რამდენიმე თვე გაიაროს პროცედურები, ბოლოს აღმოჩნდეს იმავე უმრავლესობის ხელში, რომელმაც ერთხელ უკვე მოატყუა ხალხი და ჩააგდო პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. თუ ბატონ ზოიძეს ან ვინმეს უმრავლესობიდან უნდა გამოსავალი, გამოსავალი არსებობს, ეს არის გერმანული მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მხოლოდ 76 ხმით სამ კვირაში გვქონდეს ადგილზე სამართლიანი საარჩევნო სისტემა," - აცხადებს დავით ბაქრაძე.

საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებაზე საუბრობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე. დეპუტატი აკაკი ზოიძის ინიციატივას არასერიოზულს უწოდებს და მის მიღმა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს.

“ეს არის დროის მოგების და გაწელვის ტაქტიკა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ, ამიტომ, ამ თვალსაზრისით, აბსოლუტურად არასერიოზულად და არასწორად მიგვაჩნია,“  - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

დროში გაწელილ პროცესებზე საუბრობს პარლამენტის წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი.

"ეს საკითხი დროში ვერ ესწრება. სამწუხაროდ, უკვე პროპორციული არჩევნები ვეღარ მოესწრება. ერთადერთი შანსი არის, რომ დღეს დავიწყოთ ცვლილებები, დეკემბრის ბოლოს მოვრჩეთ და მერე გაზაფხულზე მესამე მოსმენით მივიღოთ. სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ასე დამთავრდა - ვერც ვადამდელი პროპორციული არჩევნები ვეღარ ჩატარდება, იმიტომ, რომ თუ ვადამდელი დაინიშნება, აუცილებლად იქნება მაჟორიტარული,“- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

დღის ამბები