10 დეკემბერი 2019,   05:45
ვრცლად
რას გადაწყვეტს ხალხი - ინიციატივა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ

"აკაკი ზოიძის ინიციატივა, პროპორციულ საარჩევნოს სისტემაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების შესახებ, მისასალმებელია," - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ინიციატივასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ.

"ცალსახად არ შეიძლება ადამიანმა უარყო ან წინააღმდეგ წახვიდე იმისა, რომ ხალხს ვკითხოთ. ზოგადად, ეს დამოკიდებულება არის მხოლოდ კარგი და მისასალმებელი. უბრალოდ, აქ არ შეიძლება დღეს საბოლოო პასუხი გაგცეთ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ტექნიკური დეტალი არსებობს, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის აზრი, საზოგადოების განწყობა ამასთან დაკავშირებით, ამიტომ დღეს მე საბოლოო პასუხს გადაჭრით ვერ გაგცემთ. ჩვენ ამის შესახებ მომდევნო დღეების განმავლობაში გუნდში ვიმსჯელებთ, შევაჯერებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაემატა ერთი საკითხი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

აკაკი ზოიძის ინიციატივას გამოეხმაურა რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი დიმიტრი ხუნდაძე. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ მიუხედავად მისი და აკაკი ზოიძის განსხვავებული პოზიციებისა, ორივე მათგანს ერთი რამ აერთიანებს - აზრის კითხვა მოსახლეობისთვის.

"ამ ორ ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ პოზიციას აქვს ერთი ძალიან საინტერესო საერთო, რომ ორივემ ავირჩიეთ ხალხი, ვკითხოთ ხალხს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელი სისტემაა მისთვის უფრო მეტად მისაღები და რა თქმა უნდა, დეპუტატებიც უკვე ვიქნებით პირნათელი, მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც უნდა ხალხს," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები