14 დეკემბერი 2019,   08:29
ვრცლად
დაბოქლომების სერია თბილისში - უმრავლესობისთვის ოპოზიციის პერფორმანსი უნიჭო და გაცვეთილია

საარჩევნო სისტემაზე დავა უმრავლესობაში ე.წ. "დაბოქლომების" ფონზე მიმდინარეობდა. მთავარი სამიზნე  დეპუტატების მაჟორიტარული ბიუროები იყო.

ბოქლომები დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატს მიხეილ ყაველაშვილსა და პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს დაუტოვეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სამართალდამცველებმა მშვიდობიანი აქციის 6 მონაწილე დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იყო.

მოძრაობა "გაბედეს" წევრები ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკეტვის გამო დააკავეს, თუმცა მანამდე სუს-ის შენობასთან მოძრაობის წევრებსა და სამართალდამცველებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა. მოძრაობა "გაბედეს" წევრები დაკავებიდან ერთ საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნაძალადევში მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ბიუროსთან "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა სიმბოლურად ბოქლომი მაინც დატოვეს. აქციის მიმდინარეობის დროს ადგილზე იმყოფებოდა თავად მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

"ევროპული საქართველოს" ლიდერების გამოჩენას დაპირისპირების გარეშე არც დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში ჩაუვლია. "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, მამუკა მდინარაძის ბიუროსთან მისულ ოპოზიციის ლიდერებს ბიუროს თანამშრომლები და მმართველი გუნდის მხარდამჭერები სიმბოლურად ცოცხით დახვდნენ. 

"ჩვენ დილიდან ვუყურებთ ვეტერანი, გაცვეთილი, მეორადი "კმარელების" უნიჭო პერფორმანსებს. როგორც ჩანს, ეს ადამიანები 2003 წლიდან ვეღარ განვითარდნენ, მაშინდელი მეთოდოლოგიით რაღაც სპექტაკლებს აწყობენ, რომლებსაც გაგრძელება არ აქვს. ზოგი ოფისიდან კუდამოძუებული გაუშვეს, ზოგან ღობეს მიახტნენ და ბოქლომები ჩამოკიდეს, ზოგან დარეკეს და გთხოვთ სამსახურებიდან არ გაგვყაროთო. რეგიონული ოფისის წარმომადგენლები ჩვენს მომხრეებს, მაჟორიტარებს და ხალხს სთხოვენ,იქნებ ბოქლომები დაგვაკიდებინოთო," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სამოქალქო აქტივისტები და ოპოზიცია მწვავე მშვიდობიან აქციებს აანონსებენ და სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას ორშაბათიდან აქტიურად იწყებენ.

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღო.

დღის ამბები