14 დეკემბერი 2019,   08:30
ვრცლად
სუს-ი - "სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს"

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე პროცესების ფოტო/ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პირებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე მყოფი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან.

ამასთანავე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან ასაცილებლად, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად (“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 მუხლები), ახორციელებს პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებებს, რომლისთვისაც ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს (ამავე კანონის 43-ე მუხლი).

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და  თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით მოქმედებენ," - ნათქვამია განცხადებაში.

 

დღის ამბები