13 დეკემბერი 2019,   05:08
ვრცლად
მაკო გომურის საქმესთან დაკავშირებით, საია პროკურატურისგან მასალების სრულად გადაცემას ითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მაკო გომურის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ადვოკატებს საქმის მასალები სრულად არ გადაეცა. 

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ მაკო გომურს გენერალურმა პროკურატურამ შესაბამისი სტატუსი 11 ნოემბერს მიანიჭა. აღნიშნულის შემდგომ, საიას ადვოკატებმა, რომლებიც მაკო გომურის ინტერესებს იცავენ, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა მოითხოვეს. 21 ნოემბერს, პროკურატურამ ადვოკატებს და დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არასრულად გააცნო, რითაც დაზარალებულს შესაძლებლობა წაერთვა, შეემოწმებინა და განესაზღვრა საქმეში არსებული დოკუმენტები იყო თუ არა მის შემთხვევასთან შემხებლობაში.

კანონის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს, გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. 

საიას ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მაკო გომური და ორგანიზაციის ადვოკატები საქმის მასალების სრულად გაცნობას მოითხოვდნენ, პროკურატურამ მათ წვდომა მრავალტომიანი საქმის მხოლოდ 2 ტომზე მისცა. გასაცნობად გადაცემულ მასალებში მხოლოდ მაკოს და მისი ოჯახის წევრების გამოკითხვის ოქმები იყო.

დოკუმენტაციაში არ იყო ერთი სამართალდამცავის ჩვენებაც კი. საქმის მასალებში ასევე, არ იყო რაიმე სახის ინფორმაცია აქციის დაშლის დაგეგმვასთან, პასუხისმგებელ პირთა ან/და მონაწილე დანაყოფებისა და მათი თანამშრომლების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ინფორმაციას არსებითი მნიშვნელობა და შემხებლობა გააჩნია პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად - აღნიშნავენ  საიაში.

"მიგვაჩნია, რომ დაზარალებულ მხარეს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმის სრული მასალების გაცნობის უფლება. სრულ მასალებზე წვდომის შეზღუდვა დაზარალებულს ართმევს შესაძლებლობას, შეამოწმოს და განსაზღვროს, კონკრეტული დოკუმენტი არის თუ არა მის საქმესთან შემხებლობაში და მისი საქმისთვის მნიშვნელოვანი, რაც თავის მხრივ, მისი საპროცესო კოდექსით გარანტირებულ უფლებას ლახავს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრეტენზია საიას იურისტებმა გამომძიებელთანაც დააფიქსირეს, მათ მაინც არ მიეცათ სრული მასალების შესწავლის საშუალება.

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას:

მისცეს მაკო გომურს და მის ადვოკატებს საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულად;

განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და ჩაატაროს სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მაკო გომურისთვის მიყენებული დაზიანებიდან უკვე 5 თვეზე მეტი გავიდა," - აღნიშნულია საიას განცხადებაში.

დღის ამბები