10 დეკემბერი 2019,   05:45
ვრცლად
18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები დარღვევებით წარიმართა - ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს სახალხო დამცველი აფასებს. 

"სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს და სასამართლო პროცესი დარღვევებით წარიმართა.

37-ვე დაკავებული პირის საქმე მხოლოდ ერთ მოსამართლეს დაეწერა განსახილველად, რამაც სასამართლო პროცესების არაგონივრული ვადით გაჭიანურება გამოიწვია. ამ ეტაპზე 17 პირის საქმის განხილვა არც კი დაწყებულა, ხოლო 8 მათგანი ჯერ კიდევ ელოდება გადაწყვეტილებას.

ასევე ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სამუშაო საათებში დაკავებულ პირთა მიმართ დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული დაკავების მაქსიმალური, 12-საათიანი ვადა. ამის მიუხედავად, მოსამართლემ არ გაათავისუფლა ისინი და დატოვა თავისუფლებააღკვეთილი იქამდე, სანამ სხდომას გადადებდა.

საბოლოოდ, სასამართლომ ერთმანეთისგან დისპროპორციულად განსხვავებული სახდელები დანიშნა. მოსამართლის მოტივაციასთან დაკავშირებით ამან კითხვის ნიშნები გააჩინა.

ამასთან, სახალხო დამცველი მიმართავს პროკურატურას, იხელმძღვანელოს 2019 წლის 20-21 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკით და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ პასუხობს ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს, ამასთან 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა სასამართლო განხილვებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, გამოიყენოს "პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული პროტესტის მექანიზმი, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვოს დაკავებული პირების გათავისუფლება." - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

დღის ამბები