14 დეკემბერი 2019,   09:12
ვრცლად
ხუნდაძე ხუნდაძის წინააღმდეგ - მაჟორიტარი ამბოხებამდე ამომრჩეველს პროპორციული სისტემის უპირატესობაში არწმუნებდა

დიმიტრი ხუნდაძე, დიმიტრი ხუნდაძის წინააღმდეგ - ჯერ კიდევ 2 თვის წინ მცხეთის მაჟორიტარი ამომრჩეველს პროპორციული სისტემის უპირატესობაში არწმუნებდა.

როდის იყო ხუნდაძე გულწრფელი? - როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო თუ მაშინ, როცა საკონსტიტუციო კომისიას შეხვედრებზე დაჰყვებოდა.

2 თვის წინ გადაღებული კადრების მიხედვით, დიმიტრი ხუნდაძე კონსტიტუციური კანონის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში, მცხეთის ამომრჩეველს ხვდებოდა და პროპორციულ სისტემაზე შეთანხმებას სთავაზობდა. მცხეთის მაჟორიტარის სტატუსით, ხუნდაძე ამომრჩეველს ეუბნებოდა, რომ უმრავლესობამ მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გადაწყვიტა და ახლა მისი გუნდის ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ხალხის თანხმობის იმედი ჰქონდა.

ვიდეო, რომელშიც დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის ამომრჩეველს პროპორციულ სისტემაზე შეთანხმებას სთავაზობს, დღეს ოპოზიციისთვის კიდევ ერთი არგუმენტია, რომ არც ხუნდაძეს და არც ე.წ. "ამბოხებულ მაჟორიტარებს" საკუთარი ნებით არც საკონსტიტუციო ცვლილებები ჩაუგდიათ და არც ახალი ინიციატივა გაუჟღერებიათ.

ოპოზიცია თვლის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ, ხელისუფლებამ დიმიტრი ხუნდაძეს კიდევ ერთი ინსტრუქცია მისცა და ამჯერად უკვე ახალი ინიციატივის გაჟღერება დაავალა.

ლიდერები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ამით დიალოგის სხვა სივრცეში გადატანას და მთავარი თემის გადაფარვას ცდილობს. არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ მოცემულ რეალობაში, ხუნდაძის მორიგი ინიციატივა არასერიოზულია და ეს ავტორმაც იცის, რადგან ხუნდაძის წინადადებას კონსტიტუციაში ცვლილება, ანუ 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

დიმიტრი ხუნდაძეს გუნდში კონსულტაციები ჯერ არ დაუწყია და მხოლოდ რამდენიმე მაჟორიტარს შეხვდა. უახლოეს დღეებში აქტივობებს სავარაუდოდ მათთან ერთად განაგრძობს. დეპუტატი ამბობს, რომ მისი პროგრამის მაქსიმუმი 2020 წელია, რომ ქვეყანამ მომავალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემის გარეშე, მხოლოდ მაჟორიტარული წესით ჩაატაროს.

დღის ამბები