16 დეკემბერი 2019,   05:46
ვრცლად
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი თავმჯდომარის გარეშე - თამარ ხულორდავა თანამოაზრეებთან ერთად ფრაქციის შექმნას გეგმავს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტი გაათავისუფლა. მის ყოფილ კაბინეტთან ამ დროისთვის შესაბამისი აბრაც ჩამოიხსნა.

თამარ ხულორდავამ არ იცის ვინ შეცვლის მას ამ თანამდებობაზე, თუმცა შემცვლელს წარმატებას უსურვებს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის კომიტეტის თავმჯდომარე აღარაა, სურვილი აქვს მუშაობა ისევ ევროინტეგრაციის კომიტეტში გააგრძელოს.  თამარ ხულორდავა არ გამორიცხავს, რომ მასთან ერთად წასულ დეპუტატებთან ერთად ფრაქცია შექმნას:

"თუკი საშუალება მექნება, იმ კვოტირების მიხედვით, რომელიც გადანაწილდება ჩვენზე, როგორც დამოუკიდებელ დეპუტატებზე ან გააჩნია, როგორ გავაგრძელებთ საპარლამენტო საქმიანობას, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში სურვილი მექნება, რომ გავაგრძელო მომავალშიც მუშაობა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის შემადგენლობაში. დიდ ნაწილს მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ დავრჩეთ საქართველოს პარლამენტში, იმ მანდატის ფარგლებში, რომელიც გვაქვს 2016 წლის არჩევნების შემდეგ. თუ შესაძლებლობა გვექნება რომ უფრო ორგანიზებული, ფრაქციის სახით ვიყოთ წარმოდგენილები, ეს რა თქმა უნდა ჩვენს პოზიციებს გააძლიერებს, მე ვისურვებდი რომ ჩვენ შევძლოთ ფრაქციის შექმნა,"- აღნიშნა ხულორდავამ.

შეგახსენებთ, ხულორდავამ და მმართველი გუნდის კიდევ 8 დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობა და უმრავლესობა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დღის ამბები