11 დეკემბერი 2019,   17:23
ვრცლად
საქართველოს ექნება პროპორციული სისტემა, თუმცა 2024 წლიდან - გიორგი გახარია

საქართველოს ექნება პროპორციული სისტემა, თუმცა 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერი ამბობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია, რომლის შესახებაც დანაპირებს ხელისუფლება შეასრულებს. 

„მე ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა, მე ვთვლი, რომ არის წინგადადგმული ნაბიჯი, ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. მე ვთვლი, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გვინდოდა, რომ განხორციელებულიყო. თუმცა, ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ და ეს დანაპირების შესრულება ჩვენ კონსტიტუციაში გვიდევს. ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარი იყო 2020 წელზე, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება როგორც გვაქვს კონსტიტუციაში -2024 წლიდან,“ - ამბობს გიორგი გახარია. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, "ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრის დროს განიხილეს 2020 წლის ბიუჯეტიც და იმ კითხვებს უპასუხეს, რომელიც მაჟორიტარებს ჰქონდათ. 

"ბიუჯეტი, რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების, პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ჩვენი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს. ამიტომ, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ 2020-ის ბიუჯეტზე, იყო გარკვეული შეკითხვები, განსაკუთრებით მაჟორიტარებს ჰქონდათ შეკითხვები, ჩვენ ამ შეკითხვებზე პასუხი გავეცით, ავუხსენით ბიუჯეტის შინაარსი, მისი სტრუქტურირების არსი და ეს იყო ჩვენი შეხვედრის ძირითად არსი, მიზეზი," - ამბობს პრემიერი. 

 

დღის ამბები