11 დეკემბერი 2019,   18:35
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" დემოკრატიის ნასახი არასდროს ყოფილა - დავით ჭიჭინაძე

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების წევრები ისევ შეიკრიბნენ და სტრატეგიულ გეგმებზე მსჯელობენ.

"შენების მოძრაობის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს. უსუფაშვილი 2020 წლის არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებას ემხრობა. 

"მხარს ვუჭერთ გერმანული მოდელის შეთავაზებას, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების გზით შეიძლება დაიგეგმოს 76 ხმით, რომლის შედეგადაც ჯამურად მანდატები ნაწილდება პროპორციულად, მიღებული ხმების მიხედვით, ოღონდ იმ პირობით, რომ მაჟორიტარული არჩევნებიც ტარდება. ანუ, თუ "შენების მოძრაობამ" მიიღო 12% არჩევნებში, ის მიიღებს მანდატების 12%-ს,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელის მიღებას ემხრობა პოლიტიკური გაერთიანების "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის" თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილიც. ხარატიშვილის განცხადებით, როდესაც პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება ვერ ხერხდება, გერმანული მოდელი ყველაზე კარგი გამოსავალია. 

პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრი გურამ ჩალაგაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მთავარ მოთხოვნებს 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლება უნდა დაემატოს.

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია ამბობს, რომ მისთვის პრიორიტეტი კონსტიტუციურ ჩარჩოში მოქმედებაა. დავითაიას თქმით, რა მოდელით მოხერხდება ეს, მსჯელობის საგანია, რადგან ყველა პარტიას განსხვავებული შეხედულებები აქვს.

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვადამდელ არჩევნებს ემხრობა. ჭიჭინაძე თვლის, რომ "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა არცერთი მოდელით აღარ აქვს. ჭიჭინაძე, როგორც "ოცნების" ყოფილი წევრი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" დემოკრატიის ნასახი არასდროს ყოფილა და იყო მხოლოდ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება.

"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ პროცესებში საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს. 

დღის ამბები