14 დეკემბერი 2019,   08:29
ვრცლად
ოპოზიცია მზად ვართ მოვუგოთ არჩევნები ივანიშვილის გაკოტრებულ ხელისუფლებას - დავით ბერძენიშვილი

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ისევ შეუერთდებიან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი კონსტიტუციის ფარგლებში საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობის აუცილებლობაზე საუბრობს.

"კონსტიტუციის ფარგლებში იქნება ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი - საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობა ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს, რუსულ, ოლიგარქიულ, საოკუპაციო რეჟიმს ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ესმის, ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ქვეყანას ართმევს განვითარების შანსს და რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, ყველას ესმის, რომ ასე ვერ გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას და ქვეყანას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის უპრეცედენტო ერთიანობას უსვამს ხაზს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე. ვაშაძის თქმით, დასავლეთი მსგავს "პოლიტიკურ თაღლითობას" ვერ აიტანს.

"ოპოზიცია არის ერთიანი ისე, როგორც არასდროს. გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები - ვადამდელი, პროპორციული არჩევნები, დროებითი მთავრობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმაცია, რაც აუცილებელია. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, გერმანული მოდელი თუ სხვა მოდელი, დღესაც გვექნება შეხვედრა, ამაზე ვისმჯელებთ. ჩვენთვის ახლა მთავარია ვაჩვენოთ ივანიშვილს, რომ ხალხი არის ერთიანი. დასავლეთი ერთიანია და გვიჭერს ბოლომდე მხარს. იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურ თაღლითობას ვერ აიტანს დასავლეთი ვერცერთ შემთხვევაში,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ოპოზიცია არჩევნების გერმანული მოდელის ინიცირებას უახლოეს მომავალში გეგმავს. როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, კონსულტაციებს მხოლოდ მათთან გამართავენ, ვინც უმრავლესობის რიგები უკვე დატოვა.

"ქართული ოპოზიცია ჯამურად ვართ მზად მოვუგოთ არჩევნები ბიძინა ივანიშვილის გაკოტრებულ ხელისუფლებას ნებისმიერი სისტემით. ასე რომ, ჩვენ ბევრი სხვადასხვა ვარიანტი გვაქვს. ახლა ვეცდებით,  უახლოეს დღეებში მოვახდინოთ გერმანული მოდელის ინიცირება, ეს არის მზა მოდელი, მას თავის დროზე მხარს უჭერდა ყველა ოპოზიციური პარტია. თავისი არსით ეს არის პროპორციული არჩევნების მოდელი. მორჩა "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციები, ამას სჭირდება ხელისუფლებიდან წამოსულ ადამიანებთან თანამშრომლობა,"- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები