06 დეკემბერი 2019,   17:38
ვრცლად
ოპოზიცია მოთხოვნების შესრულებამდე აქციებზე უარის თქმას არ აპირებს

ამ ეტაპზე ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა პროპორციული წესით პარლამენტის ვადამდელი არჩევნებია. ხელისუფლების ოპონენტები დღეს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კონსულტაციებს განაგრძობენ. მოთხოვნების შესრულებამდე კი აქციებზე უარის თქმას არ აპირებენ.

უმრავლესობაში მიმდინარე პროცესებმა და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებამ არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის სრული მობილიზება მოახდინა და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკოსები სამოქმედო გეგმაზე სასაუბროდ ერთ მაგიდასთან დასხდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია, ოღონდ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული გიორგი გახარიათი და თამარ ჟვანიათი.

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დრო დამთავრდა და ის უკვე წარსულია.

პერმანენტულ აქციებზე საუბრობს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელიაც.

"ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარების გზაზე დადგეს აუცილებელია პროპორციული არჩევნები.

"ლეიბორისტების ლიდერის" შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიცია გაერთიანდა კონცეპტუალურ საკითხზე, რომ საქართველოში და ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის და მისი გუნდის ადგილი აღარაა.

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური ერთობა შენარჩუნებული იქნება იმისთვის, რომ სამართლიანი არჩევნები მოიპოვონ.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციური სპექტრის უმრავლესობა ვადამდელ არჩევნებს ემხრობა. პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნები არა ბიძინას, არამედ ხალხს აწყობს, რათა ხელისუფლება შეცვალოს.

დღის ამბები