06 დეკემბერი 2019,   16:53
ვრცლად
საპროტესტო გზავნილები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის კედელზე - საქმის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს

დაჯარიმდებიან თუ არა ის პირები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის კედელზე აქციის მიმდინარეობისას წარწერები დატოვეს - თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქმის დეტალური შესწავლა დაიწყო.

გუშინ, რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, შუშის სასახლესთან, გვიან ღამით გადაინაცვლეს. ივანიშვილის ბიზნესცენტრის კედლებზე, დემონსტრანტების მიერ, საპროტესტო გზავნილების დატოვებას მათსა და სამართალდამცველებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

"ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით პირობას ვასრულებთ. პერმანენტული აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება და არ მიიღებენ იმ კანონპროექტს, რაც შეეხება პროპორციულ სისტემას," - განაცხადა "კურიერთან" აქციის მონაწილე, ანა ლაცაბიძემ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის თქმით, აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და პროტესტი არ შეწყდება.

"გაკეთდა მთელი სამოქალაქო ერთობის, მთელი პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით, ყოფილი ოცნების წევრებისაც, თითოეული პოლიტიკური პარტიის ჩართულობით. გაკეთდება გარდამავალი მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს წესიერ სამართლიან არჩევნებს მისყიდვების და მოსყიდვების გარეშე და როგორ გადაწყვეტს ქართველი ხალხი იქნება ისე," - აცხადებს შოთა დიღმელაშვილი.

დღის ამბები