06 დეკემბერი 2019,   16:32
ვრცლად
"ასეთი რყევები მოსალოდნელი იყო, როგორც ქუჩაში, ასევე მმართველ გუნდში" - დიმიტრი ხუნდაძე

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებაში მონაწილე დეპუტატს დიმიტრი ხუნდაძეს მიაჩნია, რომ მან და მისმა თანამოაზრეებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ხელი შეუწყვეს ქვეყნის სტაბილურობას. მისი თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შემდეგ, მოკლევადიან პერსპექტივაში რყევები მოსალოდნელი იყო, როგორც ქუჩაში, ასევე მმართველ გუნდშიც:

"რა თქმა უნდა არ შეიძლება, რომ ასეთ ზეპარტიულ გადაწყვეტილებაში იღებდე მონაწილეობას, თუ როგორ უნდა გააგრძელოს სახელმწიფომ თავისი ცხოვრების წესი და არ გრძნობდე პასუხისმგებლობას.  მე ვფიქრობ იმ დეპუტატებმა რომლებმაც მაჟორიტარული წესი შეინარჩუნეს მიიღეს სწორი გადაწყვეტილება. მე არ ვთვლი რომ პოლიტიკური კრიზისი შევქმენით, ჩვენ ხელი შევუწყვეთ ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს სტაბილური. მოკლევადიან პერსპექტივაში ასეთი რყევები იყო მოსალოდნელი, როგორც ქუჩაში, ასევე მმართველ გუნდში. არსებობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ეს იქნება დაცული, მთავარია მომიტინგეებმა შეინარჩუნონ საზოგადოებრივი წესრიგი და არ დაარღვიონ ისე, რომ გახდეს სამართალდამცავების ჩარევა საჭირო,"- განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, ის რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას  ემხრობოდა, არასამთავრობოების და საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ შექმნილი მოლოდინია. "ქართულმა ოცნებამ" კი ეს კომპრომისი ოთხთვენახევრის წინ სიტუაციის დამშვიდების პირობით გაიღო:

"არასამთავრობოების და საზოგადოების ერთმა ნაწილმა შექმნეს მოლოდინი თითქოს მთელი ქვეყანა ითხოვდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციულზე გადასვლას. "ქართულმა ოცნებამ" გაიღო ასეთი კომპრომისი იმ პირობით, რომ ეს დაამშვიდებდა პოლიტიკურ სპექტრს,  საზოგადოებას, ქუჩას, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ თავდასხმებს. პირიქით გაჩნდა საფრთხე, რომ პირიქით შეიქმნებოდა არასტაბილური ვითარება,"- განაცხადა ხუნდაძე.

ხუნდაძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მსგავსად განაცხადა, რომ მაჟორიტარების გადაწყვეტილებაზე ნაციონალური მოძრაობის ქმედებებმაც იმოქმედა.

"ჩვენ გვქონდა მოლოდინი რომ ეს ოთხთვენახევარი იქნებოდა ადეკვატური რეაქცია . ნაციონალური მოძრაობის და მათი განაყარის გეგმა არის რომ რაც შეიძლება სუსტი ხელისუფლება ჰყავდეს ქვეყანას, რათა ნოყიერი შეექმნათ. მათი უპასუხისმგებლობის გამო, მათ არ დაინდეს საპატრიარქო, არ ინდობენ საზოგადოებას,"- განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, ქვეყნის ინტერესებშია რომ არ დაირღვეს საარჩევნო ციკლი, მიუხედავად იმისა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყველაზე მეტად მმართველ გუნდს აწყობდეს:

"ის, რომ დღეს ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ყველაზე მეტად შეიძლება აწყობდეს მმართველ გუნდს, ეს ცდება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვადამდელი არჩევნები არღვევს ციკლს და ამის არავითარი საჭიროება არაა და ეს ციკლი უნდა იქნას შენარჩუნებული და ეს ასეც იქნება,"- აღნიშნა ხუნდაძემ.

დღის ამბები