06 დეკემბერი 2019,   17:48
ვრცლად
უნდა შეგვესრულებინა ის პირობა, რაც მივეცით საზოგადოებას - ზაზა ხუციშვილი

დეპუტატი  ზაზა ხუციშვილი ამბობს, რომ პირდაპირ სხდომათა დარბაზში გაირკვა, რომ მაჟორიტარების ნაწილი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერდნენ და ეს, მისთვის „სიურპრიზი“ აღმოჩნდა. ამის შესახებ მან „რუსთავი2“ -ის ეთერში განაცხადა.  

როგორც ხუციშვილი ამბობს, თუკი ვინმე კანონპროექტის წინააღმდეგი იყო, ამის შესახებ საკუთარი მოსაზრება უმრავლესობის შეკრებაზე უნდა დაეფიქსირებინა. 

ზაზა ხუციშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატს შორის, რომლებმაც დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ მალევე, უმრავლესობა დატოვეს თუმცა  ამბობს, რომ სადეპუტატო მანდატის დატოვებას არ აპირებს. 

“პირდაპირ სხდომათა დარბაზში, როდესაც საკითხის განხილვა იყო, აღმოჩნდა, რომ ჩვენი თანაგუნდელების დიდი ნაწილი მაჟორიტარების უმრავლესობით, არ უჭერენ ამ კანონპროექტს ხმას, რაც ჩემთვის აღმოჩნდა სიურპრიზი. გამომდინარე იქიდან რომ დიდი დრო არ გასულა იმ შეთავაზებიდან, რომელიც ქართულ ოცნებას ჰქონდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რასაც ჰქონდა საერთო მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური ძალებიდან, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორებიდან. ყველამ დადებითად შეაფასა ამ სისტემაზე გადასვლა და უცბად დარბაზში ვიგებთ, რომ ამდენი მოწინააღმდეგე ჰყავს“ - აცხადებს ზაზა ხუციშვილი.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, პირველი ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ სხდომათა დარბაზში პოზიციები არ უნდა იცვლებოდეს და ის უნდა გაჟღერდეს, რაზეც გუნდი თანხმდება.

“დიალოგი უნდა ყოფილიყო ალბათ მანამდე და შეგვესრულებინა ის პირობა, რაც მივეცით საზოგადოებას. იმიტომ რომ როდესაც გუნდი ვთანხმდებით, მე ერთმა წევრმა ვიცი რა შედეგი უნდა დაიდოს სხდომათა დარბაზში და ამაზე მივდივართ შეთანხმებულები და უცბად სულ სხვა შედეგია და მე როგორც ერთი პიროვნება ჩემს დაპირებას ვერ ვასრულებ ამომრჩეველთან, მომავალში მე რა გარანტია უნდა მქონდეს, რომ იმ პროექტებზე მუშაობის დროს, რაზეც შევთანხმდებით, არ მოხდება იგივე“ - აცხადებს ზაზა ხუციშვილმა. 

დღის ამბები