14 დეკემბერი 2019,   09:03
ვრცლად
გადააბრალა თუ არა პოლიციელმა მოზარდს საკუთარი დანაშაული - საპატრულო მანქანის გატაცების ახალი დეტალები

10 ივნისს საპატრულო პოლიციის მანქანის გატაცების საქმეში, შესაძლოა, სამართალდამცველის დანაშაული გამოიკვეთოს. გამოძიებამ მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც გატაცებული ავტომობილის საჭეზე ბრალდებულის ნიმუში არ აღმოჩნდა. დაკავებულმა 18 წლის კახა წაველიძემ დუმილი დაარღვია და სასამართლო პროცესზე პირველად თქვა, რომ ავარიამდე მანქანას პოლიციელი გიორგი პატიაშვილი მართავდა.

სამართალდამცველი, რომელზეც ბრალდებული კახა წაველიძე პირველად ალაპარაკდა, გორის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორების უფროსის მოადგილეა. დაკავებულის ინფორმაციით, სწორედ გიორგი პატიაშვილია ის პირი, რომელსაც საპატრულო პოლიციის ავტომობილი გადაუბრუნდა, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი არასრულწლოვანს მანქანის გატაცება გადააბრალა.

საპირისპიროს ყვება დადანაშაულებული პოლიციელი საკუთარ ჩვენებაში. გიორგი პატიაშვილი ცდილობს დაამტკიცოს, რომ არასრულწლოვანს, რომელიც პატრულირების დროს ქუჩაში შემთხვევით შენიშნა, დახმარება შესთავაზა და ის სახლამდე თავისივე ინიციატივით მიჰყავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღნიშნავს,  მოულოდნელად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მგზავრი აგრესიული გახდა და გაჩერებული მანქანიდან გადავიდა.

სამართალდამცველი ამავე ჩვენებაში ყვება, რომ ის მანქანიდან გადასულ არასრულწლოვანს გაეკიდა და ვერ დაეწია. მეტიც, ბიჭმა მოატყუა და უკან დაბრუნებულს მანქანაც მოულოდნელად გასტაცა.

პოლიციელი ვერც იმას იხსენებს, სად ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევის დროს. ყველა ამ საეჭვო გარემოებებზე მეტი განმარტების გაკეთება პოლიციელს "კურიერმა" სთხოვა, რაზეც მან უარი თქვა.

გამოძიებას აქვს სხვადასხვა კამერის ჩანაწერი, რომელიც ვერ ადასტურებს, რომ საჭესთან ნამდვილად არასრულწლოვანია. ასევე, უკვე არსებობს ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც საჭესა და გადაცემის კოლოფზე ბრალდებულის კვალი არ ჩანს, რაც საპირისპიროა ოფიციალურ ვერსიასთან, რომ კახა წაველიძემ პოლიციელი მოატყუა და საპატრულოს მანქანა გაიტაცა.

შემთხვევა 2019 წლის 10 ივნისს მოხდა. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ გასაჯაროვდა, რაც ცენტრალურ მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის მანქანა გადატრიალებული ნახეს.

დღის ამბები