29 იანვარი 2020,   21:41
ვრცლად
ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა თამბაქოს მიწოდება-რეალიზაციის აკრძალვას აპროტესტებს

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მოსახლეობამ, რომელიც თამბაქოს მოყვანა-რეალიზებით არიან დაკავებულები საპროტესტო აქცია გამართა. 

მოსახლეობა ახალ კანონპროექტს აპროტესტებს, რომელიც 21 ნოემბრიდან ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც სოფლად მოყვანილი თამბაქოს რეალიზაციის და მიწოდების აკრძალვას ითვალისწინებს. მათი განცხადებით, კანონპროექტი დამატებით ხარჯების გაზრდას და სოფლად თამბაქოს კულტურის განადგურებას შეუწყობს ხელს.

მოსახლეობა ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ მათი პროტესტი გაითვალისწინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა საპროტესტო აქციების ბათუმსა და თბილისში გადმონაცვლებას აანონსებენ.

"ჩვენი თამბაქოს დაბეგვრა არ მოხდეს, ეს არის ჩვენი წლიური შემოსავალი, რითაც საკვებს და წამლებს ვყიდულობთ. რეგულაციები არ შეეხოს თამბაქოს...

"გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ ჩვენი მოთხოვნა და შუამდგომლობა გაგვიწიოთ ცენტრალურ მთავრობასთან", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან მოაწყვეს. მათ ქედის მერი ლევან გორგილაძე შეხვდა. ლევან გორგილაძემ აქციაზე მოსულებს განუცხადა, რომ საკითხი ცენტრალურ მთავრობაში განიხილება და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი კომპეტენცია არ აქვს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით  ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება იკრძალება. 

დღის ამბები