11 დეკემბერი 2019,   17:24
ვრცლად
20 ივნისის მოვლენები და მოთხოვნა დაზარალებულის სტატუსზე - არ არის გამორიცხული, საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივიდეს 

მაკო გომურმა დაზარალებულის სტატუსი თვალის დაკარგვიდან 5 თვის შემდეგ მიიღო. პოსტში, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერა, პროკურატურას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და სტატუსის განსაზღვრას სხვა დაშავებულებისთვისაც მოითხოვს.

დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურის გარდა, კიდევ ორი პირს მიენიჭა. მათ შორის არ არის აქციაზე დაშავებული ვახტანგ ბერიკაშვილი, რომელიც  არაერთი საჩივრის მიუხედავად, დაზარალებულის სტატუსს ამ დრომდე უშედეგოდ მოითხოვს. მაკო გომურის მსგავსად, ბერიკაშვილს გამოძიების ობიექტურობის არ სჯერა და ფიქრობს, რომ მისი და სხვა დაშავებულების საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივა. 

არასამთავრობო ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ მაკო გომურის, ომარ სეხნიაშვილის და მირზა ლიპარტელიანისთვის სტატუსის განსაზღვრა  პოლიტიკური კრიზისის დროებით განმუხტვას ემსახურება.

იურისტების თქმით, იგივე ნაბიჯი სხვა დაშავებულების მიმართაც უნდა გადაიდგას. ამასთან, ნების არსებობის შემთხვევაში, სამედიცინო ექსპერტიზას და დაზარალებულად ცნობის სხვა პროცედურებს 5 თვე არ დასჭირდებოდა. ამ მხრივ კითხვები აქვთ სახალხო დამცველის აპარატშიც.

20 ივნისის მოვლენების გამოძიება დღეს პოლიტიკოსების კრიტიკის საგანი კიდევ ერთხელ გახდა. ოპოზიცია კვლავ შერჩევით სამართალზე საუბრობს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, იქ აქცენტს სტატუსის განსაზღვრაზე მეტად, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აკეთებენ.

დღეის მდგომარეობით, დაზარალებულის სტატუსი 67 პოლიციელს და 7 სამოქალაქო პირს აქვს მინიჭებული. მთავარ პროკურატურაში ერთი კვირის წინ განმარტავდნენ, რომ სტატუსის განსაზღვრისთვის კონკრეტული დანაშაულის და კონკრეტული დამნაშავის გამოკვეთა აუცილებელია. გუშინდელ განმარტებაში, რომელიც გომურის დაზარალებულად ცნობას მოყვა, შინაარსი შეცვლილია. ამ შემთხვევაში ნათქვამია, რომ საფუძველი ექსპერტიზის შედეგები და შესაძლო დანაშაულის გამოკვეთა გახდა.

დღის ამბები