06 დეკემბერი 2019,   07:45
ვრცლად
დეპუტატების ნაწილი პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ - მაჟორიტარები საკუთარ დამსახურებებზე საუბრობენ

პარლამენტში, სადაც დეპუტატები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს განიხილავენ, მაჟორიტარი დეპუტატები მომხსენებლისგან ითხოვენ პასუხს, რამდენად მზადაა ქვეყანა ამ სისტემაზე გადასვლისთვის.

მაჟორიტარ დეპუტატებს არგუმენტებად თვითმმართველობების სუსტი სისტემა მოჰყავთ და აცხადებენ, რომ თვითმმართველობები ვერ შეასრულებენ იმ შუალედური რგოლის ფუნქციას, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატები მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ასრულებენ.

ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, რეგიონები ადგილობრივი ლიდერების - მაჟორიტარების გარეშე რჩებიან:

"თვითმმართველობის რეფორმირება და ფისკალური დამოუკიდებლობის მიღწევა არ არის დასრულებული, ადგილებზე პოლიტიკური თვალსაზრისით არ არიან ლიდერები გამოკვეთილები და სწორედაც ამ როლს თამაშობენ მაჟორიტარები, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ხალხის ნდობა მოიპოვეს და იმაზე მეტი ხმა რაც პარტიებმა უნდა მოიპოვონ მთელი საქართველოს მასშტაბით. ვინ შეიძლება აიღოს პასუხისმგებლობა, იმ 2-კაციანმა პარტიებმა? რატომ ვტოვებთ რეგიონებს ადგილობრივი ლიდერების - მაჟორიტარების გარეშე, რატომ არის აუცილებელი პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ახლა და არა 2024 წელს,"- განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ზუგდიდის მაჟორიტარი პროპორციულ საარჩევნო სისტემას ტროას ცხენს ადარებს და აცხადებს, რომ ამ სისტემით, ნაციონალური მოძრაობა იმ რაოდენობის მანდატების მოგროვებას შეძლებს, რასაც მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების შემთხვევაში ვერ შეძლებდა. მერაბ ქვარაიას თქმით, ეს არის საკითხი, რომელიც  "ქართული ოცნების" ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია:

"დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ფლობს 27 მანდატს ბოლო არჩევნების შედეგებით, მაჟორიტარული არჩევნების შენარჩუნების პირობებში, სავარაუდოდ ამის ნახევარსაც ვერ აიღებს, თუ შეიცვლება, პროპორციული სისტემის პირობებში, მას უჩნდება შანსი, შეინარჩუნოს მანდატების ის რაოდენობა, რადგან პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხდება ამომრჩეველთა პოლარიზება. შესაბამისად გვეკითხება ჩვენი ამომრჩეველი, ხომ არ იქმნება ერთგვარი "ტროას ცხენი" "ნაციონალური მოძრაობისთვის" - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

თითქმის ყველა მაჟორიტარი სიტყვით გამოსვლისას, ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი ასრულებენ შუალედური რგოლის ფუნქციას, თვითმმართველობებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის და მათ გარეშე ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტები ვერ განხორციელდება:

"ჩვენ მაჟორიტარ დეპუტატებს, გარდა კანონშემოქმედებითი საქმიანობისა, გვაქვს ფუნქცია ვიყოთ შუალედური რგოლი საზოგადოებასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ხობის მუნიციპალიტეტში 3 სოფელი იყო, ონკანში წყალი არ არსებობდა, რომ არა ჩემი ჩართულობა, დღეს ამ სოფლებს წყალი არ ექნებოდა. თუ მაჟორიტარები არ იქნებიან ვინ იქნება შუალედური რგოლი, არიან თუ არა თვითმმართველობები მზად იმისთვის, რომ ეს ფუნქცია იკისრონ," - განაცხადა ხობის მაჟორიტარმა დაჩი ბერაიამ.

დღის ამბები