06 დეკემბერი 2019,   06:40
ვრცლად
კოდისწყაროდან გატაცებული მწყემსები - ერგნეთის შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა

კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროში, გუშინ, ნახირი მწყემსების გარეშე დაბრუნდა. ოკუპანტებმა 60 და 65 წლის მამაკაცები სოფლის განაპირას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ გლეხები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მათი განმარტებით, გამყოფი ხაზი გუშინ ოკუპანტებმა გადმოკვეთეს.

ის რომ ე.წ. სადემარკაციო ხაზი ოკუპანტებმა გადმოკვეთეს და არა პირიქით, ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ინციდენტის ადგილას, ახლა ისევ სოფლის პირუტყვი ძოვს, იმ განსხვავებით, რომ დღეს მათ სხვა მწყემსავს.

კოდისწყაროში ამბობენ, გუშინ მომხდარი, მათ სოფელში გატაცების პირველი შემთხვევაა. მეზობლების ინფორმაციით, ოკუპანტებმა დაკავებისას ერთ-ერთ მამაკაცს ოჯახთან დარეკვის საშუალება მისცეს.

დაკავებულების ოჯახი მედიასთან კონტაქტზე უარს ამბობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მწყემსების გათავისუფლების პროცედურები დაწყებულია. ბოლო დროს გახშირებული გატაცებების საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ერგნეთში გამართულ რიგით მეშვიდე ტექნიკურ შეხვედრაზეც დააყენა.

ირაკლი ანთაძემ დღეს "კურიერის" შეკითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ ოკუპანტები მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან იტაცებენ.

ერგნეთის დღევანდელი შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა. დიალოგის არცერთი მონაწილე დათმობაზე არ მიდის, ჩორჩანასა და წნელისში საგუშაგოების გაუქმებას არც საქართველოს ხელისუფლება და არც საოკუპაციო რეჟიმი აპირებს. გადასასვლელები კვლავ ჩაკეტილი რჩება, რაც ჰუმანიტარულ პრობლემებს ქმნის, თუმცა ოკუპანტები მიმოსვლის აღდგენას უკვე 2 თვეზე მეტია არ თანხმდებიან. ფაქტს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.

გადასასვლელების გახსნას, საქართველოს ხელისუფლება ერგნეთში მომდევნო ტექნიკური შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოითხოვს. დიალოგის მორიგი რაუნდი დეკემბერში გაიმართება.

დღის ამბები