11 დეკემბერი 2019,   18:21
ვრცლად
ეყოლება თუ არა საქართველოს 20 უვადო მოსამართლე, ჯერჯერობით უცნობია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელს წარმოებაში არ მიიღებს და განმარტებებს აკეთებს. მოსამართლე წევრი ამბობს, რომ შერჩევის წესი ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით ხდება და ბრალდებები უსაფუძვლოა.

საკუთარი არგუმენტები აქვს სახალხო დამცველის აპარატს, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

მოქალაქის მიერ საჯარო თანამდებობის დაკავების, სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებების და მიუკერძოებელი სასამართლოს პრინციპების დარღვევებს ხედავს ომბუდსმენი მოსამართლეთა შეჩვევის წესში. ნინო ლომჯარია არც იმას გამორიცხავს, რომ კანდიდატების მხრიდან გამოიკვეთოს თვითნებობის საფრთხეებიც, რადგან ფარული კენჭისყრით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს ვალდებულება დაასაბუთოს რა კრიტერიუმებით შეფასდა კანდიდატი.

სახალხო დამცველის პოზიცია სწორია, თუმცა რეაგირება დაგვიანებული- ასე აფასებს ნინო ლომჯარიას სარჩელს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.  ანა დოლიძის თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილებები ომბუდსემს მანამდე უნდა მიეღო, სანამ 20 კაციანი სია პარლამენტს გადაეგზავნებოდა.

საბოლოო ეტაპამდე, 20 კაციანი სიის შედგენისას გამოკვეთილ დარღვევებზე, არაერთხელ უსაუბრია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთ არამოსამართლე წევრს. ნაზი ჯანეზაშვილმა კენჭისყრამდე, საკანონმდებლო ორგანოს მიმართა და დეპუტატებს 10 მიზეზი დაუსახელა, რის გამოც სიას მხარი არ უნდა დაუჭირონ.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა და ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებების მთავარმა ადრესატებმა კანდიდატების შერჩევისას გამოკვეთილ, სავარაუდო დარღვევებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

შერჩევის წესთან დაკავშირებული შენიშვნები გაუგებარია მმართველი გუნდისთვის, რადგან უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველა პროცესი ღია და გამჭირვალე იყო.

უკვე ცნობილია რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო ოპოზიცია.

კანდიდატურების მოსმენა პარლამენტში უკვე დასრულებულია. დეკემბერში პარლამენტი, 20 კაციან სიას უკვე კენჭს უყრის.

დღის ამბები