17 ნოემბერი 2019,   01:53
ვრცლად
"ვიბრძოლებ დადგეს პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი" - ანა სუბელიანი სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებს

კინოთეატრ "ამირანთან" დაშავებული სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანის გამოკითხვა პოლიციის მთავარ სამმართველოში გვიან ღამემდე გაგრძელდა. ის მოწმის სტატუსით გამოკითხეს, დაზარალებულად კი ჯერ ცნობილი არ არის.

გამოძიება ანა სუბელიანის მიმართ სხეულის დაზიანების მუხლით დაიწყო. დაშავებული და მისი ადვოკატი ამბობენ, რომ დანაშაული დამამძიმებელ გარემოებებს შეიცავს და სიძულვილის მოტივით არის ჩადენილი. ანა სუბელიანი სავარაუდო ბრალდებულის დასჯის გარდა, იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვს, ვინც, მისი თქმით, გაფრთხილების მიუხედავად უსაფრთხოების დაცვა ვერ უზრუნველყო.

"დარწმუნებული ვარ, რომ თავდასხმა რომელიც ჩემს მიმართ განხორციელდა, არის სწორედ ამიტომ, რომ მე ვარ ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველი. ყველაფერი ცხადყოფს იმას, რომ ეს იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. ვიბრძოლებ დადგეს იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც მე უნდა დავეცავი და ეს არ გააკეთეს," - განაცხადა ანა სუბელიანმა.

სუბელიანმა კინოთეატრ "ამირანთან" დაზიანება გუშინ სახის არეში მიიღო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცნობმა პირმა მას სავარაუდოდ მობილური ტელეფონი ან სხვა მძიმე საგანი ესროლა.

 

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები