05 დეკემბერი 2019,   19:14
ვრცლად
თუ კინოთეატრის პიკეტირებას შეეცდებიან, შესაბამის ზომებს მივიღებთ - საპატრულო პოლიციის უფროსი

პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოჩვენებასთან დაკავშირებული აქციების ინციდენტებზე კომენტარი გააკეთა.

კითხვაზე - რას მოიმოქმედებს პოლიცია, თუ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი კინოთეატრის ტერიტორიის პიკეტირებას შეეცდება და კინოჩვენებას ჩაშლის, ვაჟა სირაძმ აღნიშნა, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ.

"პოლიციური ძალები რჩებიან ყველა კინოთეატრში, მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. ნებისმიერი სამართალდამრღვევი ფაქტი იქნება აღკვეთილი და პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, ჟურნალისტი იქნება ეს თუ ნებისმიერი მხარე. კინოთეატრ ამირანთან მოხდა გარკვეული ინციდენტი, სადაც დაკავებულია არსებული ინფორმაციით 11 პიროვნება. ეს ადამიანები გადაიყვანეს დანაყოფებში. მოხდა  მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ინციდენტი, რაზეც შსს-მ მყისიერად მოახდინა რეაგირება, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას და ძალადობაში მონაწილე პირი დაუყოვნებლივ იქნა დაკავებული. პოლიცია მოქმედებს თავისი მანდატის ფარგლებში და ყველა გადაცდომის შემთხვევაში მივიღებთ ზომებს,"- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

დღის ამბები