22 ნოემბერი 2019,   03:53
ვრცლად
ყოფილი პროკურორის სკანდალური სტატუსი - ოპოზიცია სალომე ადეიშვილის დაცვასა და გამოძიების დაწყებას მოითხოვს

პროკურორ სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ დარღვევებზე არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ყოფილმა პროკურორმა უწყებაში არსებულ პრობლემებზე, შესაძლო კორუფციასა და ნეპოტიზმის ფაქტებზე საჯაროდ დაწერა და საქართველო დატოვა. ყოფილი თანამშრომელი საგამოძიებო ორგანოში გამოვლენილ მნიშვნელოვან დარღვევებზე ბრალს ხელმძღვანელობას სდებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძის თქმით, სალომე ადეიშვილი არის სისტემის მამხილებელი და აუცილებელია, რომ სადაც ის იმყოფება, მისი სათანადო დაცვა მოხდეს, ანა დოლიძემ ამ კონტექსტში მოწმის დაცვის პროგრამაში მყოფი ზურაბ დადეშელის სასტიკი მკვლელობა გაიხსენა და განაცხადა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც სისტემის მამხილებელ ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ.

"ეს არის ქვეყანა, სადაც ცოტა ხნის წინ განზრახ, ჯგუფურად, სასტიკად მოკლეს მოწმის დაცვის პროგრამაში მყოფი ადამიანი. ეს არის ქვეყანა, სადაც სისტემის მხილება ადამიანებს ძალიან ძვირი უჩნდებათ,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე:

"ყველა ეს პრობლემა, რაც გუშინ ითქვა, ისედაც იყო ცნობილი, ახალი აქ არაფერია, მაგრამ როდესაც ამას საუბრობს ადამიანი, რომელიც შიგნიდან ხედავს და თავად არის ამ პროცესის მოწმე, ბუნებრივია ამას მეტი დამაჯერებლობა აქვს. რა თქმა უნდა, ეს საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გახდეს გამოძიების საგანი,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იმ სახიფათო ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ადეიშვილის წერილიდან გამოიკვეთა და რომელიც პროკურატურაში არსებულ მანკიერ სისტემაზე მიანიშნებს:

"შეფასებები, რომელიც არის წერილში, ბევრ სახიფათო ტენდენციაზე მიუთითებს... ის, რომ ვერ მოხდა გათავისუფლება იმ კადრების, რომლებიც ამ დავალებებს სიამოვნებით ასრულებენ, ზოგი პირიქით, დაწინაურდა და ღირსეული თანამშრომლები იძულებულები გახდნენ, დაეტოვებინათ უწყება,"- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილი შეთქმულების თეორიაზე და პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს. მისი თქმით, თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს, ეს შესაბამის ორგანოს უნდა მიეწოდოს:

"ეს არის შეთქმულების თეორიების განვითარება და მცდელობა, რომ მოხდეს უწყების დისკრედიტაცია. თუკი ვინმეს რაიმე ფაქტები და მტკიცებულებები აქვს, მაშინ იგი ვალდებულია, მიაწოდოს ეს შესაბამის ორგანოს," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები