14 ნოემბერი 2019,   07:49
ვრცლად
მიქაუტაძის მოსმენა - ოპოზიცია მისი კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის კანდიდატის გიორგი მიქაუტაძის მოსმენა პარლამენტში გვიანობამდე გაგრძელდა. პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან დეპუტატებს კითხვები გახმაურებულ საქმეებთან, კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით ჰქონდათ. ოპოზიცია მისი კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მიქაუტაძე კლანის წევრი და ივანიშვილის დაკვეთების შემსრულებელია.

"გასული წლის დეკემბერში პარლამენტს წარმოუდგინა ე,წ  ათკაციანი სია, რაც იყო პირდაპირი დადასტურება, რომ მართლმსაჯულების სისტემას მართავს გავლენიანი ჯგუფი ე,წ კლანი, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელიც გახლავთ ბატონი გიორგი. მთავარი დანიშნულება რაც ამ კლანს აქვს, ეს არის ივანიშვილის დაქვემდებარებაში ყოფნა და შეასრულოს მისი დაკვეთა ეს იქნება პოლიტიკური დევნა, თუ მედიის ხელში ჩაგდება,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ შეკითხვების დასმის ნაცვლად, კანდიდატს შეურაცხყოფა მიაყენეს:

"ეს არ არის კომფორტის ზონა, ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ ყველა შეკითხვაზე პასუხი ამომწურავად. ჩვენ გვქონდა კრიტიკული შეკითხვები, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ ათკაციანი სიის გამოგზავნას. სამწუხაროდ პარლამენტის ზოგიერთი უფრაქციო წევრის მხრიდან ნაცვლად კრიტიკული, მწვავე  შეკითხვებისა ჩვენ ვიხილეთ პირდაპირ შეურაცხყოფის მიყენება კანდიდატის მიმართ," - აღნიშნა ოხანაშვილმა.

დღის ამბები