14 ნოემბერი 2019,   08:02
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე - სუს-ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკითხვას ოპოზიცია ფორმალობად მიიჩნევს

პანკისში ჩატარებული სპეც-ოპერაციიდან თითქმის ორი წლის შემდეგ პროკურატურაში მაღალჩინოსნების გამოკითხვას ოპოზიცია ფორმალობას უწოდებს და აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.  მათი თქმით, მთავარი კითხვა - იყო თუ არა სპეცოპერაცია ლეგიტიმური ამ დრომდე პასუხგაუცემელია.

"ეს არის ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს წარმომადგენელმა ხელყო თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე. აქამდე გაცილებით ადრე უნდა ყოლოდათ დაკითხული. თუ არ აქვთ შესაბამისი ნება რომ გამოიძიონ, "ევროპული საქართველო" აუცილებლად მიიჩნევს, საგამოძიებო კომისიის შექმნას და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უნდა დადოს რეალური დასკვნა," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ.

სუს-ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკითხვას ფორმალობად აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე:

"ეს არის ქაღალდზე ფორმალურად გაკეთებული გამოკითხვა, ვინაიდან შემდეგ თქვან, რომ ყველა საგამოძიებო პროცედურა იქნა ჩატარებული. თავისთავად, ეს რომ დამალული იყო, ეს ბევრ კითხვის ნიშანს წარმოშობს,"- აღნიშნა რომან გოცირიძემ,

საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს "ქართული ოცნების" წევრ რატი იონათამიშვილს, მისი თქმით, სუს-ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკითხვა ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო თანამდებობა არ არ არის იმის გარანტია, რომ ვინმემ გამოძიებას და გამოძიების კითხვებს თავი აარიდოს.

გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი გამოკითხა. "კურიერის" ინფორმაციით, გამოძიების პირველი ეტაპი დასრულებულია და შუალედური დასკვნა უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება. გამოიკვეთება თუ არა რომელიმე მაღალჩინოსნის  პასუხისმგებლობა, - საგამოძიებო უწყება ჯერჯერობით არ საუბრობს.

დღის ამბები