14 ნოემბერი 2019,   08:33
ვრცლად
"სახელმწიფოს ანაკლიის ბედი უკვე გადაწყვეტილი აქვს" - ექსპერტები ანაკლიის პორტის მომავალზე

სახელმწიფოს ანაკლიის ბედი უკვე გადაწყვეტილი აქვს - სწორედ ასე აღიქვამენ ეკონომიკის მინისტრის განცხადებას ექსპერტები. ანალიტიკოსების შეფასებით, ნათია თურნავას ფრაზა  პორტთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმებს ადასტურებს და ოფიციალურად დადგენილ ვადებს ხელოვნურსა და ყალბს უწოდებენ. განსხვავებულად ფიქრობს ექსპერტთა მეორე ნაწილი - ისინი შეფერხების მთავარ მიზეზად კონსორციუმს მოიხსენიებენ.

ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობას არ აწყობს ამ პროექტის განხორციელება, უბრალოს ამას პირდაპირ ვერ ამბობენ:

"განცხადებები, რომელსაც აკეთებს ვიცე-პრემიერი და შემდეგ ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა, პირდაპირ ცხადყოფს იმას, რომ მთავრობას უბრალოდ არ აწყობს ამ პროექტის განხორციელება. ერთადერთი რაც მათ აწყობთ არის ის, რომ ეს პროექტი როგორმე შეჩერდეს, ამას პირდაპირ ვერ ამბობენ, ვერ საუბრობენ იმაზე თუ რა გეგმები აქვს ზოგადად მთავრობას,"- განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე მთავრობის მხრიდან ხელშეშლას საერთოდ გამორიცხავს და აცხადებს რომ მთავრობას არ მიუცია მიზეზი კონსორციუმისთვის, რომ მას ეჭვქვეშ დაეყენებინა ამ პროექტის ალტერნატივა:

"მუდმივად ხდებოდა კონსორციუმის მხრიდან აპელირება იმაზე, რომ მთავრობა ხელს უშლიდა, თქვენ თუ მეტყვით ერთ მაგალითს მაინც რაში შეუშალა ხელი, ეს შეიძლება იყოს მეტნაკლებად არგუმენტირებული. მთავრობას არ მიუცია მიზეზი კონსორციუმისთვის, რომ მას ეჭვქვეშ დაეყენებინა ამ პროექტის ალტერნატივა, პირიქით, ყოველთვის ხაზგასმული იყო, რომ ესაა სტრატეგიული პროექტი ქვეყნისათვის,"- განაცხადა ცუცქირიძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პროექტი 2017 წლის შემდეგ ჭიანურდება. მინისტრი ჩართულ მხარეებს დაუყოვნებელი რეაგირებისკენ მოუწოდებს, რათა მნიშვნელოვანი პროექტი დროულად დასრულდეს. ოპოზიცია კი შეფერხებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

დღის ამბები