14 ნოემბერი 2019,   08:28
ვრცლად
"ანაკლიის პროექტი ზედმეტად დაგვიანდა" - ეკონომიკის მინისტრის განცხადებას პოლიტიკოსები პროექტის განადგურებად მიიჩნევენ

"ანაკლიის პროექტი ზედმეტად დაგვიანდა" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა. მისი შეფასებით, პროექტი 2017 წლის შემდეგ ჭიანურდება და ამ განცხადებით მან მხოლოდ ფაქტი აღნიშნა. მინისტრი ჩართულ მხარეებს დაუყოვნებელი რეაგირებისკენ მოუწოდებს, რათა მნიშვნელოვანი პროექტი დროულად დასრულდეს. ოპოზიცია კი შეფერხებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

"რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ანაკლიის პორტი გვიანდება, ფაქტია, რომ 2017 წლიდან გვიანდება. ეს ზიანს აყენებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად "აბრეშუმის გზის" ქვეყნებს. ეს იყო ერთ-ერთი განხილვის საგანი, ყველამ აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია ამ პორტის განვითარება და პირველ რიგში, ჩვენ. აქედან გამომდინარე, ვამბობთ, რომ ყველა ღონე უნდა იხმაროს ამ პროექტის ყველა მონაწილემ, რომ პროექტი დროულად დაიწყოს," - განაცხადა ნათია თურნავამ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია გამორიცხავს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ განხორციელდეს:

"საერთოდ რომ არ განხორციელდება მე მაგას გამოვრიცხავ, ყოველ შემთხვევაში, მაგისი რაიმე ნიშანწყალი მე არ მაქვს, რომ ვინმეს ეს ჰქონდეს მიზნად... ძალიან დაგვიანდა, რა თქმა უნდა და ამ დაგვიანების პროცესში ძალიან ბევრი რამ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა," - განაცხადა რომან კაკულიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ანაკლიის პროექტი არათუ დაგვიანებული, არამედ განადგურებულია:

"ეს პროექტი არათუ დაგვიანებული, არამედ დამთავრებულია, ჩააგდეს, გაანადგურეს, აგერ რუსები აშენებენ შავ ზღვაზე მსგავს ნავსადგურს და მიიზიდავენ მთელ ტვირთებს იქითკენ. არათუ მშენებლობა, დაპროექტებაც არაა დაწყებული. დღეს რომც დაიწყონ, მის აშენებას 2-5 წელი დასჭირდება, როდესაც ანაკლიის პორტი 2020 წელს უნდა ყოფილიყო დამთავრებული," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები