14 ნოემბერი 2019,   07:39
ვრცლად
დამოუკიდებელი დეპუტატები "ანაკლიის კონსორციუმის" გენერალურ დირექტორს დებატების არასტანდარტულ ფორმატს სთავაზობენ

დღეს გახდება ცნობილი როდის მივა "ანაკლიის კონსორციუმის" გენერალური დირექტორი პარლამენტში. დამოუკიდებელი დეპუტატები ლევან ახვლედიანს არასტანდარტულ ფორმატს სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც მისთვის კითხვის დასმის საშუალება ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებსაც ექნებათ.

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილსა და ნათია თურნავას - ეკონომიკურმა გუნდმა საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე უარი თქვა და შეთავაზებას სპექტაკლი უწოდეს. დეპუტატების ნაწილი მსგავს დამოკიდებულებას მიუღებლად მიიჩნევს და მინისტრებს ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე მაია ცქიტიშვილის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის პორტზე მსჯელობას ღია საჯარო შეხვედრები არ სჭირდება, არარელევანტურს უწოდებს.

"აბა რა სჭირდება, დახურული შეხვედრები? 4-5 კაცს შორის გარჩევა? კონსორციუმი რადგან თანახმა არის ჩვენ სავარაუდოდ ამ შეხვედრას გავმართავთ, იქნება ღია კითხვები და შესაბამისად საზოგადოებამ მათი მხრიდან მაინც მიიღოს პასუხები," - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის სივრცე ლეგიტიმურ უფლებას და შესაძლებლობას იძლეოდა იმისას, რომ ორივე მხარე რეალურად შექმნილ პრობლემებზე პირდაპირ ეთერში ისაუბრებდა.

"თუ ქალბატონი მაია არ არის მზად საქმეზე ისაუბროს პარლამენტში, მე ვფიქრობ, რომ ის შეუსაბამო არის იმ თანამდებობისთვის," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები