14 ნოემბერი 2019,   07:36
ვრცლად
"დაჭრილი ვარ... მოგვაკითხეთ..."- 18 წლის ბიჭის გარდაცვალებამდე განხორციელებული ზარი 112-ში -"კურიერის" ექსკლუზივი ჩიხში შესული გამოძიების შესახებ

2018 წლის 18 ივლისს ხელთუბანში მომხდარი ავარიის დროს დაღუპული 18 წლის მამაკაცის ოჯახმა ცხედრის ექსჰუმაციის შემდეგ ექსპერტიზის ახალი დასკვნა გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევამდე ახალგაზრდა დაჭრილი იყო და 112-ში თავად დარეკა.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ ბიჭი ჯერ მოკლეს, შემდეგ ცხედარი სხვაგან წაიღეს და დანაშაულის დაფარვის მიზნით, ტრასაზე ისეთ ადგილას დატოვეს, რომ მძღოლებს ვერ შეემჩნიათ.

"კურიერმა" ის აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაღუპული შველას ითხოვს. აუდიოფაილში 18 წლის ბიჭი ამბობს, რომ დაჭრილია და სასწრაფო დახმარების ბრიგადას ითხოვს. ამ კომუნიკაციიდან რამდენიმე წუთში მერებაშვილი გარდაიცვალა.

16 თვის წინ დაკრძალული შვილის ექსჰუმაცია ოჯახმა იმის გამო გადაწყვიტა, რომ დანაშაულის რეალური მიზეზი ვერ გაიგო. უკვე თვეებია გამოძიება ცდილობს თორნიკე მერებაშვილის მშობლები დააჯეროს, რომ ახალგაზრდა ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა. ვერსიას კი პროკურატურა არგუმენტირებული მტკიცებულებებით ვერ ამყარებს, ამიტომ ცხედარს განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადასტურდა, რომ ოფიციალურ ვერსიაში ბევრი დაუზუსტებელი საკითხია.

ოჯახს ეჭვებს ის გარემოება უმყარებს, რომ საქმეში დევს დიდი ზომის დანა, რომელიც გამოძიებამ ცხედრის სიახლოვეს ნახა. ექსპერტიზითაც დადასტურებულია, რომ ცივ იარაღზე გარდაცვლილის სისხლია. სავარაუდოდ ამ საგნით მიაყენეს მძიმე ჭრილობები 18 წლის მერებაშვილს თავის არეში, რის გამოც მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა.

მანქანის გადავლის ვერსიას გარდაცვლილის ტელეფონის ნომრიდან 112-ში დატოვებული რამდენიმე შეტყობინებაც გამორიცხავს. დაჭრილი მერებაშვილი დახმარებისთვის მეორედ რეკავს და აღნიშნავს, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მოულოდნელად კი 112-ის ოპერატორთან სატელეფონო საუბარი წყდება.

შემთხვევის დღეს თორნიკე მერებაშვილი ხელთუბანში მეგობრის სახლში სვამდა. საქმის მასალების მიხედვით, ახალგაზრდებს ერთმანეთთან დაპირისპირება სახლშივე მოუვიდათ. ამ ჩხუბის შემდეგ მერებაშვილი ადგილს ტოვებს და ცხედრის აღმოჩენამდე მისი კვალი იკარგება. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ 18 წლის ბიჭის სისხლის კვალი, გიორგი ტერმაკოზაშვილის სხეულზე აღმოაჩინეს, რომელიც გარდაცვლილთან ერთად იყო. მოწმე თავის ჩვენებაში კონფლიქტის მიზეზებს აღწერს, მაგრამ დანაშაულთან კავშირს გამორიცხავს.

არაერთი საეჭვო გარემოების მიუხედავად პროკურატურამ სასამართლოში წაიღო საქმე, რომლის მიხედვითაც 18 წლის ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა. გამოძიება ამტკიცებს, რომ დაახლოებით ხუთტონიანმა ტრანსპორტმა მამაკაცს ისე გადაუარა, რომ სხეულზე შესაბამისი კვალი არ დატოვა. ამ საქმეზე დაკავებულია ის მძღოლი, რომელმაც გზაზე უცხო მამაკაცის პოვნის შემდეგ ადგილზე პოლიცია გამოიძახა.  გამოძიების ვერსიით, ზვიად კოჩუაშვილმა ტრასაზე პირქვე მწოლიარე ბიჭი ვერ შეამჩნია და დატვირთული ავტომობილით გადაუარა.

საპატიმრო ვადა დაკავებულს 10 ნოემბერს ეწურება. მხარეებს სასამართლოზე ათობით მოწმე დასაკითხი ჰყავთ. როგორ შეძლებს პროკურატურა 20 დღეში საკუთარი ვერსიის გამყარებას, უცნობია. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული ავარიით გარდაცვალების ნაწილში გამართლდება, 9 თვის წინ გახსნილად გამოცხადებული საქმე, ისევ თავიდან გამოსაძიებელი გახდება.

დღის ამბები