16 ნოემბერი 2019,   00:23
ვრცლად
ექვემდებარება თუ არა რეაბილიტაციას აფეთქებული კორპუსი - 240 ადამიანი სახლში ვერ ბრუნდება

გურამიშვილზე აფეთქებული კორპუსის ბინაში, სადაც გაზმა გაჟონა, დღეს სპეციალისტები პირველად შევიდნენ. 3 სართული იმდენად დაზიანდა, რომ აუცილებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. 240 ადამიანი სასტუმროებშია გადანაწილებული. აფეთქების შედეგად დამწვარი მამაკაცი ამ დრომდე რეანიმაციაშია. 

ნანგრევებისგან გაწმენდის შემდეგ, სპეციალისტები იმ დაზიანებებს შეაფასებენ, რომლებიც შენობას აფეთქებისას მიადგა. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, 16 სართულიან კორპუსში გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშოები დაიწყება. მანამდე აფეთქებისას დაძრული კონსტრუქციების გამაგრება მიმდინარეობს. კორპუსის სართულებზე დამონტაჟდა დამზღვევებიც.

მზია ნორაკიძის ბინაში აფეთქებას მხოლოდ ავეჯი გადაურჩა. ოჯახს იმედი აქვს, რომ კორპუსის მდგრადობიდან გამომდინარე, საცხოვრებელი რეაბილიტაციას დაექვემდებარება და მალე საკუთარ სახლში დაბრუნდება.

კორპუსის გამძლეობის იმედი აქვთ, თუმცა სამუშაოების დამთავრებამდე ბინებში შესვლისგან თავს იკავებენ ის ოჯახები, ვისი ბინებიც აფეთქებამ ნაკლებად დააზიანა.

სპეციალისტების პირველადი დასკვნით, აფეთქებას კორპუსისთვის ნგრევის საფრთხე არ გამოუწვევია. შენარჩუნებულია კორპუსის კონსტრუქცია, თუმცა, დაზიანებულია პანელები, ფასადის შიდა და სართულებს შორის გადახურვის ტიხრები.

აფეთქების ეპიცენტრთან ახლოს მდებარე ბინებში ფასადების და გადახურვის ფილების მონტაჟი მალე დაიწყება. დანარჩენ სართულებზე შემოწმდება კარკასი, კედლები და იატაკი. ძირითადი სამუშაოები ჩასატარებელია ლიფტის შახტაშიც, რომელიც თითქმის დანგრეულია. ოჯახები საკუთარ ბინებში მანამდე ვერ შევლენ, სანამ კორპუსში ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და კომუნიკაციები არ აღდგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს დროულად საჭიროებს მიმდებარე კორპუსებიც, რომლებიც აფეთქების სიძლიერემ დააზიანა. შენობებს ფანჯრები აღარ აქვს, დაზიანებულია აივნებიც.
გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, დაზარალებული ოჯახები დროებით სასტუმროებში იცხოვრებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები