16 ნოემბერი 2019,   01:23
ვრცლად
"ამას რუსეთი არ აკეთებს" - კრემლის ღია პროპაგანდა და ანტისახელმწიფოებრივი გზავნილები ახალციხეში

კრემლის ღია პროპაგანდა - კრემლთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა საქართველოში ჩამოსვლა, პრორუსული ორგანიზაციის დაფუძნება და ანტისახელმწიფოებრივი გზავნილების გაჟღერება ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე შეძლო.

კერძოდ, ვლადიმერ ხომერიკი, რომელიც "ქართველ და რუს ხალხთა ერთობის ფონდის" პრეზიდენტიცაა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ახალციხეში ადგილობრივებს შეხვდა. ხომერიკი შეკრებილებს რამდენიმე საათის განმავლობაში არწმუნებდა, რომ რაც იქ ხდება, ოკუპაცია არ არის.

"ამას რუსეთი არ აკეთებს, რუსული ჯარი არ აკეთებს. 2,5,9 მეტრი მიწა რუსეთს არ აინტერესებს. ჩვენ უნდა ვუთხრათ: ყირიმში ხომ ჩაატარე რეფერენდუმი? ჩვენც ჩაგვატარებინე აფხაზეთში და გავიგოთ, რა უნდა ხალხს", - განაცხადა ხომერიკმა ადგილობრივებთან შეხვედრისას. 

კრემლთან დაახლოებულ ქართველ ბიზნესმენს მიაჩნია, რომ ქვეყნისთვის მთავარი მტერი მაინც თურქეთია. 

ბიზნესმენმა მხარდამჭერების შეგროვებაც მოახერხა და ხალხი მისი ორგანიზაციის გახსნაზე დასასწრებად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიყვანა.

რუსეთის მოყვარულთა შეკრებაზე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც გამოჩნდნენ, მათ შორის იყო მსახიობი გივი სიხარულიძე. მოსკოვთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების მსურველთა შორის იყვნენ იარაღით ვაჭრობისთვის გასამართლებული ტრისტან წითელაშვილი და სასულიერო პირებიც. 

ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში რუსული პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებით შეხვედრის გამართვა ხელისუფლებამ "რუსთავი 2-ისგან" გაიგო. ვლადიმერ ხომერიკისთვის ხელი მმართველ ძალას არც ორგანიზაციის დაფუძნებისას შეუშლია და არც - შეხვედრის ჩატარებისას. სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი "კურიერთან" ამბობს, რომ რუსულ პროპაგანდას ხელისუფლება აქტიურად ებრძვის.

ოპოზიცია კი პარალელს სერგეი გავრილოვთან ავლებს და მიიჩნევს, რომ რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის მუქარის და განახლებული ბორდერიზაციის ფონზე, ხომერიკის ვიზიტი ხელისუფლების არასწორი საგარეო პოლიტიკის ნაწილია.

კრემლთან დაახლოებული წარმოშობით ქართველი  ბიზნესმენი ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას და რუსული ინტერესების გატარებას უკვე წლებია ცდილობს. კერძოდ, ვლადიმერ ხომერიკი მოსკოვის დავალებით პოლიტიკურ ასპარეზზე არაერთხელ გამოჩნდა, თუმცა მისი ყველა მცდელობა მაშინ წარუმატებლად დასრულდა.

ახლა რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას უკვე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებით აპირებს და როგორც ჩანს, წარმატებით - ხომერიკის რუსული გეგმები ახალციხის რიტუალების სასახლეში გუშინ მხოლოდ ერთმა მოქალაქემ გააპროტესტა.

დღის ამბები