15 ნოემბერი 2019,   09:58
ვრცლად
ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება

ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ამ უკანასკნელის ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ შევა ძალაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 20-21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა, სადაც ხელი მოეწერება "საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას," რომელიც ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდგომ ამოქმედდება.

შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს.

დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

სახელმწიფოთაშორის დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერენ საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი, დომინიკ რააბი.

გაერთიანებული სამეფოში ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება დავით ზალკალიანის შეხვედრები გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქრისტოფერ პინჩერთან და თემთა პალატაში, საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე ეწვევა ლონდონში საქართველოს საელჩოს და დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალ შენობას დაათვალიერებს, რომელიც საქართველოს მთავრობას საკუთრებაში შეისყიდა. მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს გაერთიანებულ სამეფოში ქართული დიაპორის წარმომადგენლებთან.

დღის ამბები