15 ნოემბერი 2019,   08:56
ვრცლად
თერთმეტთვიანი პაუზის შემდეგ ოკუპანტებმა ატოცში "ბორდერიზაცია" განაახლეს - ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

ატოცში ხელოვნური ბარიერები ისევ აღიმართა. თერთმეტთვიანი პაუზის შემდეგ სოფელში ოკუპანტებმა უკანონო სამუშაოები განაახლეს. არსებული ინფორმაციით, სამხედროები 120 მეტრის რადიუსში ბოძების მონტაჟს გეგმავენ. რუსი ოკუპანტები სოფელ ატოცში დილით გამოჩნდნენ, სამხედროებმა რკინის ბოძებისა და მავთულხლართების გაბმა განაგრძეს. ტერიტორიაზე მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებსაც საოკუპაციო ხაზამდე უნდოდათ მისვლა, თუმცა ადგილზე მყოფმა ქართველმა სამართლდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. პოლიციამ ატოცში არც ჟურნალისტები შეუშვა, მიზეზად კი უსაფრთხოების ზომები დასახელდა.

"ჩვენ ვდგავართ ფაქტის წინაშე, როდესაც ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურ კომფორტს უქმნის რუს ოკუპანტებს იმისთვის, რომ უკანონო ბორდერიზაცია დაიწყონ და დაასრულონ," -  განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წევრმა ლაშა ბერულავამ.

ოკუპანტების ქმედებების გასაპროტესტებლად ატოცში ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელებიც ჩავიდნენ. ატოცთან მივიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე და "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილიც.

საოკუპაციო ზოლზე ოკუპანტების გამოჩენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ პირველივე წუთებიდან დააფიქსირა, მონიტორები ადგილზე მთელი დღის გამავლობაში მუშაობდნენ.

საოკუპაციო ხაზთან ახლოს იმყოფებოდა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის ატოცში არ ჩასულა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებზე გორიდან ისაუბრა.

"ატოცში რაც ხდება, ამაზე ჩვენ ერთხელ უკვე გამოვთქვით აზრი და ვადასტურებთ, რომ ეს არის მიუღებელი და არის იმ "ბორდერიზაციის" პოლიტიკის გაგრძელება, რაც დაწყებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა იყოს დაცული. დღეს სახელმწიფო, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა წყნარად, მშვიდად განაგრძონ თავის მიწაზე ცხოვრება," - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომავალი განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს შექმნაშია. ამასთან დაკავშირებით კი გახარიამ ხაზი გაუსვა იმ ადამიანების საქმიანობის მნიშვნელობას, რომელთაც დღეს შეხვდა, მათ შორის იყვნენ სამედიცინო და პედაგოგიური სფეროს წარმომადგენლები:

"მინდა გთხოვოთ თქვენც, მეც ხომ აქ ვარ გორში, ძალიან ახლოს საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ ვსაუბრობთ სულ სხვა თემებზე, უნდა გვესმოდეს ერთი რამ ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომავალი არის სწორედ ასეთ ხალხთან მუშაობაში. განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო არის ის, რამაც ჩვენ უნდა დაგვაბრუნებინოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა,"- აღნიშნა გახარიამ.

ატოცში არსებულ ვითარებაზე უკვე შედგა სატელეფონო ზარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების თანათავმჯდომარეებთან. ქართულმა მხარემ პარტნიორებს სთხოვა, პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად ყველა ზომა მიიღონ. ინფორმირებულია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიც.

ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ოპოზიციის აზრით, არასაკმარისია და საქართველოს საკითხი საერთაშორისო დონეზე მწვავედ უნდა იდგეს. პოლიტიკოსები თვლიან, რომ მავთულხლართების გავლება ხელისუფლების დამთმობი პოლიტიკის შედეგია.

პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიას ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე დუმს.

"ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რატომ არის საჭირო საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე. ძალიან სამწუხარო და ძალიან საზიანოა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს საერთაშორისო ასპარეზზე,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ბოლოსთვის საოკუპაციო ჯარმა ატოცში უკანონო ბორდერიზაცია შეაჩერა.

დღის ამბები