09 დეკემბერი 2019,   03:25
ვრცლად
ზარქუამ ხაბეიშვილს მესამე ხარისხის მასხარა უწოდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მიზეზი ოპოზიციის მხრიდან თბილისის მერიის იმ პროექტების კრიტიკა გახდა, რომელთა დასრულებაც, მათი თქმით, დათქმულ ვადებში ვერ მოესწრო.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერიის მიერ შემუშავებულ სატრანსპორტო პოლიტიკას "ადამიანების ცხოვრების გართულება" უწოდა. 

"პრობლემა რომ გვაქვს საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ამის პარალელურად, ადამიანებს ცხოვრებას ურთულებთ, ამასთან დაკავშირებით, არ შეიძლება, რომ საკრებულოს დეპუტატებს და თქვენც, კონკრეტული პოზიცია გქონდეთ და კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართო დედაქალაქის მერს, რომ ცუდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მოუწესრიგებელ ავტობუსებში და მეტროში ადამიანებს ნუ დაპატიჟებთ?!,"- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა. 

ამ განცხადების შემდეგ ხაბეიშვილს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ მასხარა უწოდა.

"გუშინ დამირეკეს ბოლივუდიდან და წლის მასხარის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი, მესამე ხარისხის. აი, ესა ხარ შენ, მეტი არაფერი. მომისმინე ახლა, მასხარა ხარ და ამას შენი კოლეგებიც დაგიდასტურებენ,"- მიმართა ზარქუამ ხაბეიშვილს. 

"მასხარა და აფერისტი მოიკითხეთ თქვენკენ,"- მიუგო თავის მხრივ ხაბეიშვილმა.

ამ დაპირისპირების შემდეგ საკრებულოს სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა.

დღის ამბები