10 დეკემბერი 2019,   22:16
ვრცლად
პრემიერი სამინისტროებში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამინისტროებში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის მეთაური დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც იმ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებზეც მთავრობა იქნება ორიენტირებული.

გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძირითადი ამოსავალი დრო, ეფექტურობა და ხარისხი იქნება.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქონების მართვა. საპრივატიზებო ნუსხა უნდა იყოს შთამბეჭდავი საინვესტიციო მიზიდულობის და ფინანსური შემოსავლების თვალსაზრისითაც. სულ მცირე, უნდა იყოს სხვადასხვა სიდიდის 100-120 ობიექტი. მოძებნეთ, რადგან სხვადასხვა უწყების ბალანსზეა საკმაოდ სერიოზული აქტივები, რომლებიც უბრალოდ მივიწყებულია და არ ფუნქციონირებს. ამ კუთხით ჩვენ გვჭირდება აქტიურობა და სწრაფი რეაგირება,” - განაცხადა პრემიერმ-მინისტრმა.

პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნათია თურნავა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი კი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია.

მთავრობის მეთაური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია მეზვრიშვილთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, ასევე უწყებას დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

დღის ამბები