22 ნოემბერი 2019,   03:53
ვრცლად
"ანაკლიის პროექტი რუსეთის სურვილით დაასამარა ბიძინა ივანიშვილმა"- რომან გოცირიძე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელისუფლების მისამართით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძის შეფასებით, ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა. 

"ანაკლიის პროექტი რუსეთის სურვილით დაასამარა ბიძინა ივანიშვილმა. დღეს ეს გაფორმდება ოფიციალურად, ან არ არის გამორიცხული, მძაფრი რეაქცია, რომ არ მოჰყვეს საზოგადოების ან საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რაღაც დროით მორიგი გადავადება მოჰყვეს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.  

მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ მთავრობამ ანაკლიის პროექტის მხარდასაჭერად ყველაფერი გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პროექტის განსახორციელებლად კონსორციუმის და ინვესტორების მხრიდან ვალდებულებების შესრულებაღაა საჭირო. 

"სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა თავისი ვალდებულებების ფარგლებში, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო. აქ არის საუბარი ინფრასტრუქტურაზე, რომლისთვისაც სახელმწიფომ რესურსი გამოჰყო. აქ არის საუბარი სუბორდინირებულ სესხზე, აქ არის საუბარი ვადების რამდენჯერმე გადაწევაზე. სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ ყველანაირი მხარდაჭერა გამოხატა ამ პროექტის მისამართით, დარჩენილია მეორე მხარე, რომ კერძო სექტორმა, კონსორციუმმა და ინვესტორებმა შეასრულონ თავისი ვალდებულებები,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 15 ოქტომბრამდე ორი ვალდებულება ჰქონდა შესასრულებელი. კონსორციუმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ახალი ინვესტორები უკვე ჰყავთ. საუბარია ორ კომპანიაზე, რომელთაგან ერთი ყაზახური "Meridian Capital Limited"-ია, ხოლო მეორე კომპანია კი ჰოლანდიური "Van Oord​"-ი.

ამავე თემაზე
დღის ამბები