15 ნოემბერი 2019,   08:56
ვრცლად
"სად მივიმალები, პროცესები მაქვს და თავად სასამართლო მირეკავს, მობრძანდიო" - ნაირა ოტიაშვილი​

ცრუ დასმენის ბრალდებით დაკავებული ნაირა ოტიაშვილი ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად განცხადებას აკეთებს. ასოციაციის წევრები აცხადებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოტიაშვილის დაკავების ბრძანება უკანონოდ გასცა. მათი ინფორმაციით, სახელმწიფომ, ბრალდებულის წინააღმდეგ ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება ვერ მოიპოვა. ადვოკატ ნაირა ოტიაშვილსა და ცრუ დასმენის საქმეზე მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს სასამართლომ 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

"ქალბატონ ნაირა ოტიაშვილს, არასოდეს მისი სიცოცხლის მანძილზე, არავინ დაუსმენია, არავის მიმართ რაიმე ბრალი არ ქონია, არავინ უმხელია რაიმე სახის დანაშაულში, მით უმეტეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქედან გამომდინარე როგორც მისი დაკავების, ასევე აღკვეთის ღონისძიებების განჩინებები სრული უსაფუძვლოა. ჩვენ გავაგრძელებთ არა მხოლოდ ქალბატონი ნაირას, არამედ ყველა ადვოკატის ბრალდების საქმეს, რომელიც დღეს არის წარმოებაში," - განაცხადა ადვოკატმა ონისე მარგიანმა.

ნაირა ოტიაშვილის თქმით, მის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი განჩინებები სრულიად აბსურდული და უკანონოა. ოტიაშვილის განმარტებით, ის როგორც ადვოკატი თავის მოვალეობას ყოველდღიურად ახორციელებს და სასამართლოსთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს, შესაბამისად მისი მიმალვის საფრთხე საერთოდ არ არსებობდა:

"მიმაჩნია, რომ სრულიად უკანონო და აბსურდული გადაწყვეტილებებია, ჯერ დაკავების განჩინება, რომელიც აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია და არ არსებობდა ამის გამოცემის საჭიროება, შემდეგ აღკვეთის ღონისძიების შესახებ, სად მივიმალები, როდესაც ყოველდღიური პროცესები მაქვს და თავად სასამართლო მირეკავს, მობრძანდიო. შესაბამისად მიმალვის საფრთხე სრულიად გამორიცხულია,"- განაცხადა ოტიაშვილმა

დღის ამბები