15 ნოემბერი 2019,   09:54
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა შუშის სასახლესთან აქციას მართავს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპროტესტო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს.

აღსანიშნავია, რომ თორნიკე მამალაძეს დეკანოზის გათავისუფლების მოთხოვნით კარავი პარლამენტის წინ აქვს გაშლილი, დღეს კი პროტესტის გამწვავების ნიშნად ე.წ. შუშის სასახლესთან გადაინაცვლა.

თორნიკე მამალაძის განცხადებით, დეკანოზი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.

"ჩემი ძმა არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი და სწორედ მან გასცა თავის დროზე ჩემი ძმის დაპატიმრების ბრძანება. ახლა უკვე საპატრიარქოსთან შეთანხმებით ივანიშვილი პარალიზებულ ადამიანს არ ათავისუფლებს, რადგანაც ჩემი ინფორმაციით, საპატრიარქოს იმ შემთხვევაში თუ ჩემს ძმას არ გათავისუფლებდა, 2020-ისთვის სრული მხარდაჭერა აღუთქვა,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეების შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ პარტიას საპატრიარქოს მხარდაჭერა სჭირდება და სწორედ ამ მიზეზით რჩება დეკანოზი ამ დრომდე საპატიმროში.

ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა წარწერიანი ბანერები აქვთ მიტანილი, მათ შორის: "თავისუფლება პოლიტპატიმარ დეკანოზ გიორგი მამალაძეს", "შემოგვიერთდით!“; "ბიძინა და საპატრიარქო მიზანმიმართულად კლავს პატიოსან მოძღვარს", "დუმილი დანაშაულია", "თავისუფლება მამა გიორგის",  და "შეცვალე".

დღის ამბები