22 ნოემბერი 2019,   04:47
ვრცლად
"ვინც ახლა სიებს ადგენს ან ბრიყვია ან შურისძიებით აღვსილი" - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იმ პირობებში, როცა სასამართლო ჯერჯერობით დამოუკიდებელი არაა, პოლიტიკური ოპონენტების მასობრივი დევნა უნდა იყოს აბსოლუტურად გამორიცხული. ბოკერიას თქმით, "ევროპული საქართველო" არ აპირებს პოლიტიკური მოტივით შურისძიების ჭაობში ჩაეფლოს და ისე მოექცეს ოპონენტებს, როგორც "ქართული ოცნება" ექცეოდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა.

"მაგათზე აღარაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ეს ჩვეულ სტილად იქცა სააკაშვილის, მისი გარემოცვის და "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი ლიდერის, რომ როგორც ჩვენ გვექცეოდნენ ოპონენტები, ივანიშვილი და სხვები, ცილისწამება და ტალახის სროლა, ახლა ასე იქცევიან თვითონ. მოგვიწევს მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება, რომ სანამ სასამართლო დამოუკიდებელი არაა, პოლიტიკური ოპონენტების მასობრივი დევნა უნდა იყოს აბსოლუტურად გამორიცხული. ესაა ჩემი მყარი აზრი და ვინც ახლა სიებს ადგენს, ჯერ სანამ ივანიშვილი არ დაგვიმარცხებია ჯერ, ან არის ბრიყვი, ან შურისძიებით აღვსილი. სხვა ახსნა მე არა მაქვს. ეს არ გამოადგება საქართველოს არცერთ შემთხვევაში. ჩვენი "ევროპული საქართველოს" არჩევანია, რომ სერიოზულად გვქონდეს განხილული კონკრეტული მოდელი, როგორ წავიყვანთ ქვეყანას წინ და როგორ არ ჩავეფლობით, სწორედაც რომ პოლიტიკური მოტივით შურისძიების ჭაობში," - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ორ ოპოზიცური პარტიას "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის აზრთა სხვადასხვაობა, პოლიტიკური ამნისტიის საკითხზე შეიქმნა. "ევროპულ საქართველოში" მიჩნევენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი წინამორბედი ხელისუფლების წევრების სამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყონ, რადგან ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო და შეიქმნება პოლიტიკური ანგარიშსწორების საფრთხე.

დღის ამბები