15 ნოემბერი 2019,   09:54
ვრცლად
"ანაკლიის პროექტში მთავრობის ნებისმიერი ტიპის ჩართულობა მას აზიანებს" - ექსპერტების შეფასებები 

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის განახლდება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე აქტიური მუშაობა. კონფიდენციალურია ინფორმაცია იმ ჯგუფის შესახებაც, რომელიც პორტის მშენებლობაზე მზაობას გამოთქვამს. კონსორციუმის ხელმძღვანელობამ საკუთარი ვალდებულებები უკვე შეასრულა, საბოლოო შეთანხმებამდე კი მთავრობის პასუხს ელოდებიან.

ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი თვლის, რომ კონსორციუმსა და მთავრობას შორის გაწელილი მოლაპარაკებების შედეგად ქვეყნის ეკონომიკამ, შესაძლოა, ასეულობით მილიონი დოლარი იზარალოს.

როგორც ექსპერტი მიიჩნევს, მთავრობის ჩართულობა ამ პროექტში მინიმალური უნდა იყოს. 

"ზარალი არის ასეულობით მილიონი დოლარი იქიდან გამომდინარე, რომ პოტენციურად ძალიან მსხვილი პროექტია და მკვეთრად ზარალობს საქართველოს ეკონომიკა. მთავრობის მოქმედება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს არც ნაციონალიზება, არც წილში შესვლა, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის ნებისმიერი ტიპის ჩართულობა აზიანებს ამ პროექტს. რაც შეეხება რისკების დაზღვევას - მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს არანაირი ფულით ამ პროექტში, მათ შორის არც რისკების დაზღვევაში. რისკები უნდა იყოს დაზღვეული იმით, რომ მთავრობამ უნდა შექმნას სამართლიანი გარემო,"- განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის თქმით, თუ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს პროექტის განხორციელებას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება. 

"ზიანი რა შეიძლება მიადგეს, რომ უბრალოდ დროში გაიწელოს, თორემ, ბოლო-ბოლო ამ პროექტს სახელმწიფო მაინც გააკეთებს. რეპუტაციური ფაქტორიც არსებობს, მაგრამ როდესაც სახელმწიფო კონსტიტუციურად აცხადებს, რომ ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და სახელმწიფო აიღებს თავის თავზე მის რეალიზაციას, რეპუტაციური რისკი იქნება მინიმალური,"- განაცხადა ცუცქირიძემ. 

შეგახსენებთ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პროექტიდან, რომელზეც სახელმწიფომ 58 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო "თიბისი ჯგუფისგან" 72 მლნ დოლარი უკვე გამოყოფილია, ამერიკული "კონტი ჯგუფი" 15 აგვისტოს გავიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები