23 ოქტომბერი 2019,   11:19
ვრცლად
"ტყუილების ქვეყანაში ვცხოვრობთ" - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის სასამრთლო პროცესი

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ორივე მათგანს პროკურატურა ჯგუფურად 17 მილიონამდე დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

პროკურატურამ და დაცვამ დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებები წარადგინეს: მოწმეების ჩვენებები, ანგარიშები, აუდიტის და ეროვნული ბანკის დასკვნები, რის შემდეგაც მხარეებმა მოსამართლეს შუამდგომლობებით მიმართეს. პროკურატურა ითხოვდა, მოსამართლეს პროცესზე არ დაეშვა ადვოკატების მთავარი მტკიცებულება. ჩვენებები, რომლებიც დაცვის მხარემ საზღვარგარეთ მოიპოვა.

შუამდგომლობები ჰქონდათ ადვოკატებსაც. დაცვამ ე.წ. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ანგარიში გააპროტესტა, რომელიც ბრალდებას მტკიცებულებათა ნუსხაში უდევს.

პროკურატურის მტკიცებულებებს არ ენდობიან ის იურისტებიც, რომლებიც პროცესს ესწრებოდნენ. ორგანიზაცია "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი თვლის, რომ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ანგარიში დამოუკიდებელი ვერ იქნება, რადგან საბჭოს წევრებს ხელფასს პროკურატურა უხდის. 

4-საათიან სხდომაზე პროკურატურის მოთხოვნებმა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს დამატებითი კითხვები გაუჩინა. "თიბისის" დამფუძნებლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ კანონი არასდროს დაურღვევიათ და სადავო საქმესთან სამართალს არანაირი კავშირი აქვს. ისინი ამ პროცესს ოპონენტების ფულის გათეთრების ბრალდებით დევნად აფასებენ.

მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და დამოუკიდებელი ტელევიზიის მუშაობას უკავშირებს მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის დევნას ავთანდილ წერეთელიც. გამოძიება ბიზნესმენს 2008 წელს, ჯაფარიძის და ხაზარაძის დახმარებას ედავება.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის ივლისში წაუყენეს. აგვისტოში მათ პროკურატურამ ანგარიშები დაუყადაღა. თითოეულ მათგანს 700 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. მათ პროკურატურა ჯგუფურად 16 მილიონ 664 ათასი დოლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მუხლი 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები