23 ოქტომბერი 2019,   11:16
ვრცლად
დიპლომების ომი გრძელდება - თადუმაძისა და ჯანეზაშვილის გარდა, ომბუდსმენი განათლების ხარისხს კიდევ 2 მოსამართლეს უწუნებს

დიპლომების ომი - შალვა თადუმაძის თანაკურსელი არა, მაგრამ თანაინსტიტუტელი ნაპოვნია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს იგივე დიპლომი აქვს, რაც გენერალურ პროკურორს.

დიპლომების სკანდალში ჯანეზაშვილი და თადუმაძე მარტო არ არიან. საქართველოს უახლესი ისტორიის "შავი ლაქები" დღეს პოლიტიკური ოპონენტების "გასაშავებლად" ადვილი იარაღი გახდა. რომელი გახდება გადამწყვეტი: რეპუტაცია, დიპლომი თუ პროფესიონალიზმი, ვერდიქტი პარლამენტმა უნდა გამოიტანოს.

ქართულ მართლმსაჯულებაში დიპლომების თემა დღეს მამუკა მდინარაძემ განაახლა. დეპუტატმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დიპლომი გაასაჯაროვა, რომლითაც ირკვევა, რომ ნაზი ჯანეზაშვილმა უმაღლესი განათლება იმავე ინსტიტუტში მიიღო სადაც შალვა თადუმაძემ.ერთი და იმავე ინსტიტუტის დიპლომი აქვთ თუმცა, ჯანეზაშვილს თადუმაძისგან განსხვავებით კურსელები და ლექტორები ახსოვს.

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ნოდარ დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარული ინსტიტუტი იმ დროისთვის საუკეთესო და პრესტიჟული არ ყოფილა, მაგრამ უკეთეს სასწავლებელში მოხვედრა 90-იან წლებში ფულის გარეშე შეუძლებელი იყო. ინსტიტუტი, რომლის დიპლომიც ნაზი ჯანეზაშვილისა და შალვა თადუმაძის პირად საქმეში დევს, დიდი ხანია აღარ არსებობს.

უკვე რამდენიმე წელია აღარც ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი არსებობს. ეს სასწავლებელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა - მირანდა ერემაძემ დაამთავრა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს ვერც ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის ინსტიტუტის დიპლომი. მირანდა ერემაძე ამტკიცებს, რომ მან თავის დროზე აკრედიტირებული სასწავლებელი დაამთავრა, რომლის დიპლომსაც შემდეგ საფეხურებზე მისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

ომბუდსმენი განათლების ხარისხს კიდევ 2 მოსამართლეს უწუნებს. დიპლომი გახდა კიდევ ერთი კითხვა-პასუხის მიზეზი მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენაზე პარლამენტში. დღეს, პარლამენტში, სტუდენტობის წლების გახსენება საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარესაც მოუხდა.

უნივერსიტეტი, რომელშიც ზაზა თავაძე სწავლობდა ამ დრომდე უმაღლესი სასწავლებელია. ადმინისტრაციისთვის გაუგებარია, რატომ უწუნებენ განათლების ხარისხს მათ კურსდამთავრებულებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, სამუდამოდ გამწესებისას, გახდება თუ არა მათი განათლების ხარისხი გადამწყვეტი ეს ორ თვეში გაირკვევა, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო მოსმენები დასრულდება.

დღის ამბები