23 ოქტომბერი 2019,   12:02
ვრცლად
ნიკა მელია სასამართლოსა და პროკურატურას დაუმორჩილებლობას უცხადებს

პარლამენტის დეპუტატის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ბრალდებულსა და მოსამართლეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მოსამართლეს ელექტრონულ სამაჯურზე შუამდგომლობის დროულად განხილვას სთხოვდა. 

მელიას განმარტებით დეპუტატები, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ და მას თავდებში ჩაუდგნენ, საკანონმდებლო ორგანოში უნდა წასულიყვნენ. საპასუხოდ მოსამართლემ მელიას ამ საკითხის სხვა დროისთვის გადადება შესთავაზა, რასაც ხმაური მოჰყვა, საბოლოდ მოსამართლემ მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

ბრალდებულ ნიკა მელიას გარდა დარბაზი დატოვეს მისმა მხარდამჭერებმაც. სხდომაზე, მოსამართლე კერატიშვილის გადაწყვეტილებას მხოლოდ ადვოკატი და ბრალდების მხარე ელოდა.

ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლემ აღმკვეთი ღონისძიება ძალაში დატოვა. კერატიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, რის გამოც, ნიკა მელიას კვლავ ელექტრონული სამაჯურით მოუწევს გადაადგილება.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით, ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური კვლავ უნდა ატაროს, ბრალდებული შეზღუდვებს არ დაემორჩილება. 

ნიკა მელიას გამოძიება 20-21 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. შემდეგი სასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს დაინიშნა.

დღის ამბები