23 ოქტომბერი 2019,   12:32
ვრცლად
"ეს არის ამ რეჟიმის კიდევ ერთხელ გაშავების საქმე“ - მოძრაობა "ლელოს" წევრები პროცესების მიღმა პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ   

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის პროცესს მოძრაობა "ლელოს" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, გაკეთდა შეფასებები მედიასთან. მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, მათთვის მიუღებელი და გაუგებარია ბრალდების მხარის მიერ დღს წარმოდგენილი არგუმენტები. 

"ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გუგლში ჩაწერეს ხაზარაძე-ჯაფარიძე, TBC და რა ინფორმაციაც ამოუგდო, ეს ინფორმაცია ყველაფერი წარმოადგინეს სასამართლოში, რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება, აი რამდენი მტკიცებულებაა. მრავალტომიანი საქმე მაინც სხვანაირად ჟღერს, როგორც ჩანს პროკურატურისთვის. ეს, სინამდვილეში, არის არა ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, არამედ ეს არის ამ რეჟიმის კიდევ ერთხელ გაშავების საქმე“ - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს"  წევრი, ლევან ბოძაშვილი პროცესებს პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალების მცდელობად აფასებს.  

"იმიტომ ხდება ეს ყველაფერი, რომ პოტენციური პოლიტიკური ოპონენტების ასე ვთქვათ, დისკრედიტაცია-განეიტრალების მცდელობაა. შესაბამისად, იმ პოლიტიკური ველის შენარჩუნება, რომელიც დღეს გვაქვს, რომელიც არის პოლარიზებული და რომელიც გადანაწილებულია "ნაციონალურ მოძრაობასა“ და "ქართულ ოცნებას“ შორის და არსებითი განსხვავება, პრაქტიკულად, იმაში, რომ ერთი ხელისუფლებაშია და მეორე ოპოზიციაში, ჩვენ უკვე აღარ გვაქვს. მეთოდოლოგია, პრაქტიკულად, იგივეა,“ - აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა.

მამუკა ხაზარაძისა და მამუკა ჯაფარიძის პოლიტიკური ველიდან ჩამოშორებისა და დისკრედიტაციის მცდელობას ხედავს საზოგადოებრივი მოძრაობა ”ლელოს” კიდევ ერთი წევრი, ლანა გალდავა.

"პირველი შეგრძნება, რაც მაქვს, ვარ კუსტურიცას ფილმის პროცესზე. იმიტომ, რომ არ არის მტკიცებულება, არ არის დანაშაულებრივი ფაქტი, არ არის სამხილები, არ არიან დაზარალებულები. ყველაფერი მიზანმიმართულია იმისკენ, რომ პირველ რიგში, მოხდეს ამ ადამიანების დისკრედიტაცია, ჩამოშორდნენ საერთოდ პოლიტიკურ პროცესებს და რაც მთავარია, ამ ქვეყანაში არ აშენდეს ანაკლიის პორტი,“ - აცხადებს ლანა გალდავა.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები